“ეს არის კანონი, რომელიც მიიღო პუტინმა და რუსეთში მოახდინა საღი და განსხვავებული აზრის ლიკვიდაცია. დღეს რუსეთში არც ერთი ოპოზიციური და თავისუფალი აზრი არ ისმის. ჩვენ ვხედავთ დღეს როგორი ზომბირებულია რუსული საზოგადოება და ეს ზომბირება კვლავ გრძელდება. ამიტომ არის ეს კანონი ანტიქართული, ამიტომ არის ეს კანონი ცუდი და საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ“, – ამის შესახებ დეპუტატმა ალექსანდრე მოწერელიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, დიპლომატიური კორპუსი და საერთაშორისო მეგობრები ამ კანონის მიღების წინააღმდეგია და ერთადერთი ვისაც ეს მოსწონს და შესაძლოა მისგან შექება მივიღოთ იქნება რუსეთი.
“ჩვენმა ქვეყანამ გამოიარა ოკუპაცია და დღესაც ოკუპაციაშია. 200-ზე მეტი წელია ვებრძვით რუსეთის იმპერიას. 1992- 93 წლებში ეთნოწმენდა ჩაატარეს აფხაზეთში. დღეს 300 000 დევნილი გვყავს, რას ვეუბნებით ამ ხალხს?! დღეს, საუბარი უნდა იყოს იმაზე, რომ ამ ხალხს ღირსეული პირობები შევუქმნათ. რას ვეუბნებით იმ ქართველებს, რომლებიც გაგრის სტადიონზე, მხეცურად, წამებით მოკლეს. მინდა ჩემს კოლეგებს მივმართო, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში გაიხსენოთ ის ადამიანები ვინც დახოცეს, რომლებიც დღესაც უსახლკაროდ არიან. ვიდრე იმ ღილაკს ხელს მივაჭერთ ეს გავიხსენოთ. ასევე მინდა ხელისუფლებას შევახსენო, რომ ქორონიკონი თქვენით არ იწყება და დღეს როგორც არ უნდა ლანძღოთ და ხელი იშვიროთ ოპოზიციისკენ – ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა გეკისრებათ თქვენ, ხელისუფლებას, რათა ქვეყანაში ასეთი პოლარიზაცია არ შეიქმნას“, – განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.