საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ. აგენტების შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო.
“ხალხის ძალის” მიერ წარდგენილ კანონპროექტს 76 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 13 წინააღმდეგი იყო.
კანონპროექტის განხილვა ხმაურისა და ოპოზიციის წინააღმდეგობის ფონზე მიმდინარეობდა სასესიო დარბაზშიც.
პარალელურად აქცია მიმდინარეობს პარლამენტთან. მოქალაქეები დღეს საკანონმდებლო ორგანოსთან მეორედ მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც ცნობილი გახდა, რომ “ქართულმა ოცნებამ” 9 მარტის ნაცვლად კანონპროექტის განხილვა დღეს გადაწყვიტა.
ამ დროისთვის პარლამენტთან დაძაბული ვითარებაა. აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების” დეპუტატებისთვის სირცხვილის კორიდორის მოწყობას ცდილობდნენ, თუმცა სამართალდამცველებმა ისინი ადგილამდე არ მიუშვეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. ამ დროისთვის სავარაუდოდ, აქციის რამდენიმე მონაწილეა დაკავებული.