საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი 24-27 ნოემბერს ოთარ მეღვინეთუხუცესის მონაწილეობით გადაღებული ფილმების რეტროსპექტივას უმასპინძლებს.
ღონისძიება ოთარ მეღვინეთუხუცესის დაბადებიდან 90 წლის იუბილეს ეძღვნება.
24 ნოემბერს, 19:00 საათზე, რეტროსპექტივა გაიხსნება 1969 წელს გადაღებული მხატვრული ფილმით „დიდოსტატის მარჯვენა“. 25, 26 და 27 ნოემბერს ნაჩვენები იქნება მხატვრული ფილმები: „ვედრება“ (1967, რეჟისორი თენგიზ აბულაძე), „ცოტნე დადიანი“ (1971, რეჟისორი ალექსანდრე ჟღენტი), „თავადის ქალი მაია“ („ერთი ცის ქვეშ“) (1961, რეჟისორი ლანა ღოღობერიძე), „ნატვრის ხე“ (1976, რეჟისორი თენგიზ აბულაძე), „ტარიელ გოლუა“ (1968, რეჟისორი ლევან ხოტივარი), „მზე შემოდგომისა“ (1973, რეჟისორი თემურ ფალავანდიშვილი).
რეტროსპექტივაზე წარმოდგენილი ფილმები ეროვნული კინოცენტრის ინიციატივით და ეროვნულ არქივთან თანამშრომლობით ციფრულად არის აღდგენილი.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი და საქართველოს ეროვნული კინოცენტრი.