მძიმე სანახავია თვით ქრისტიანი, რომელიც არ იცნობს ქრისტეს და მის სწავლებას და ასეთ ვითარებაში დაბრკოლებად იქცევა ხოლმე სხვათათვის; ეკლესიაშიც არანაკლებ პრობლემებს ქმნიან ხოლმე ასეთნი!, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა ქადაგებისას განაცხადა.
“ქრისტესმიერ საყვარელნო მამანო და დედანო, ძმანო და დანო, წმიდა მართლმადიდებლობის ემბაზში შობილო სამწყსოვ, დღეს დედა ეკლესია აღასრულებს წმიდა ჯვრის თაყვანისცემის მსახურებას, რათა კვლავ შეგვახსენოს ჩვენი წინამძღვრის, იესო ქრისტეს მარადიული მოწოდება: “თუ ვინმეს სურს მე გამომყვეს, უარყოს საკუთარი თავი, აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს მე“ (მკ.8,34).
ჯვრის თაყვანისცემა მომდინარეობს მოციქულთა დროიდან, მაგრამ ქრისტიანთა დევნილობის ჟამს მისდამი თაყვანისცემა მხოლოდ ფარული შეიძლებოდა ყოფილიყო, რადგან სასტიკად იდევნებოდნენ ჯვარცმული იესოს მიმდევარნი; კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში პავლე მოციქული წერს: „ჯვრის სიტყვა წარწყმედილთათვის სიცოფეა, ხოლო ჩვენთვის, ხსნილთათვის, ძალაა ღვთისა“ (1 კორ. 1,18).
დღეს ჩვენ არავინ გვდევნის იმის გამო, რომ ჯვარცმულის მიმდევარნი ვართ, თუმც კი დღესაც არიან ისინი, ვისთვისაც სიტყვა ჯვრის შესახებ გამაღიზიანებელია და შესაძლოა, სიცოფეც კი. ჩვენს ირგვლივ ასეთი ადამიანების არსებობა, ჩვენი რწმენისთვის დაბრკოლებას არ და ვერ წარმოადგენს, მაგრამ მძიმე სანახავია თვით ქრისტიანი, რომელიც არ იცნობს ქრისტეს და მის სწავლებას და ასეთ ვითარებაში დაბრკოლებად იქცევა ხოლმე სხვათათვის; ეკლესიაშიც არანაკლებ პრობლემებს ქმნიან ხოლმე ასეთნი!მათ შესახებ ფილიპელთა მიმართ ეპისტოლეში ვკითხულობთ: „… ბევრნი, რომელთა შესახებ ხშირად მითქვამს თქვენთვის, და ახლა ტირილითაც გეუბნებით, ისე იქცევიან, როგორც ქრისტეს ჯვრის მტრები. მათი ბოლო დაღუპვაა, მათი ღმერთი – მუცელი, მათი დიდება კი სირცხვილშია; ისინი მიწიერზე ფიქრობენ“ (ფილიპ. 3,18,19).
წმიდა იოანე დამასკელი გვეუბნება: „მართლაც, ჯვარი სიცოფეა მათთვის, რომლებიც რწმენით არ იღებენ მას და [რწმენითად] არ იაზრებენ ღვთის სიკეთესა და ყოვლისშემძლეობას, არამედ ადამიანური და ბუნებითი განსჯით გამოიძიებენ ღვთიურთ; ყოველივე ღვთიური აღმატებულია ბუნებაზე, სიტყვასა და აზროვნებაზე; …მაგრამ თუ ვინმე რწმენით ნაწინამძღვრები განსჯის ღვთიურობის სიკეთეს, ყოვლისშემძლეობას, ჭეშმარიტებას, სიბრძნესა და სიმართლეს, იგი ჰპოვებს გზას პირდაპირს; … რწმენის გარეშე შეუძლებელია ხსნა“.
კვლავ გავიმეორებ მაცხოვრის სიტყვას: „თუ ვინმეს სურს მე გამომყვეს, უარყოს საკუთარი თავი, აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს მე“.
ვკითხოთ ახლა საკუთარ თავს, მივყვები თუ არა ქრისტეს და/ან რას ველი მისგან? ეს კითხვა სავსებით ბუნებრივია! თვით პეტრე მოციქულსაც კი უჩნდება ასეთი კითხვა ქრისტეს მიმართ: „აი, ჩვენ მივატოვეთ ყველაფერი და გამოგყევით; რა გვექნება ჩვენ?“ (მთ.19,27).
უფლისგან ადამიანებს სხვადასხვა მოლოდინი შეიძლება ჰქონდეთ; ამასთან მიმართებით პავლე მოციქული გვმოძღვრავს:
“თუ მხოლოდ ამ ცხოვრებაში ვართ ქრისტეს მოიმედენი, კაცთა შორის ყველაზე საწყალობელნი ვყოფილვართ“ (1კორ.15,19).პასუხი ნათელია; იესოს დანაპირები და აღქმული გაცილებით მეტია, ვიდრე ამსოფლიური სიკეთეები, რომელთა მიმართ თვით იესო გვეტყვის: “მამამ თქვენმა ზეციერმა იცის, რომ ყოველივე ეს გჭირდებათ. ეძებეთ უპირველესად უფლის სასუფეველი და სიმართლე მისი, და ყოველივე ეს მოგეცემათ თქვენ“ (მთ.6,31-33).ქრისტესმიერ საყვარელნო, „რომლებმაც კი ნათელვიღეთ ქრისტეს მიმართ, მისი სიკვდილის მიმართ ნათელვიღეთ“ (რომ. 6,3) და „რომლებმაც ქრისტეს მიმართ ნათელვიღეთ, ქრისტე შევიმოსეთ“ (გალატ. 3,27), ხოლო „ქრისტე არის ღვთის ძალა და სიბრძნე“ (1 კორ. 1,24). ეს იმას ნიშნავს, რომ ქრისტეს ჯვრის მადლით ჩვენ შევიმოსეთ ღვთაებრივი სიბრძნითა და ძალით.
ჯვარი პატიოსანი, რომელზეც ქრისტემ ჩვენს გამო თავისი თავი მსხვერპლად შესწირა, ღირსია თაყვანისცემისა, რადგან იგი განწმენდილია მისი წმინდა სისხლით. „ქრისტეს ყველა საქმე და სასწაულთქმედება უდიადესია, საღვთოა და საკვირველი, ყველაზე უფრო საკვირველი კი მისი პატიოსანი ჯვარია“ (ღირსი იოანე დამასკელი ჯვრის შესახებ); სწორედ ჯვარზე მოიკლა სიკვდილი და შეიმუსრა ჯოჯოხეთი, ჯვარზედ განქარდა ჩვენთა წინაპართა პირველი ცოდვა და გაგვეხსნა სამოთხის კარი. ეს ყოველი აღსრულდა წმიდა და ცხოველმყოფელ ჯვარზე. ამიტომ, წმიდა მოციქულ პავლესთან ერთად, ჩვენც ვთქვათ და ცხოვრების დევიზად დავისახოთ: „თუ დავიკვეხო, მხოლოდ ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს ჯვრით, რომლითაც წუთისოფელი ჯვარცმულია ჩემთვის და მე წუთისოფლისთვის“ (გალ.6,14). “აცხოვნე უფალო ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროზთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა ჩვენსა მოანიჭე, და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ: ,,უფალო, დიდება შენდა!“, – განაცხადა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა.