პარტია “ხალხისთვის’’ ლიდერის ანა დოლიძის განცხადებით, შალვა პაპუაშვილის განცხადება არის სამარცხვინო და ნებისმიერი გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით საფრთხეს შეუქმნის პირდაპირი დემოკრატიის ფორმას.
’’რა სამარცხვინო განცხადება გააკეთა შალვა პაპუაშვილმა. ამდენი პრობლემაა ქვეყანაში და თურმე მოქალაქის უფლება, მიმართოს პარლამენტს არის ყველაზე დიდი პრობლემა. ფასები, გაძვირებული სესხები, მშიერი ბავშვები, ძვირი წამლები და ამათ პირდაპირი დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი უნდა გააუქმონ! მე მაქვს პარტიის სახელით 7 წინადადება წარდგენილი. მათ შორის რუსების ქონებაზე, საგამოძიებო კომისიაზე, საარჩევნო კოდექსზე. როგორც ჩანს ძალიან შეწუხდნენ, იმიტომ რომ რაღაც მნიშვნელოვან საკითხებზე ფიქრი უწევთ. იმ პირობებში რომ ავტოპარკში იხარჯება ასეულობით მილიონი ლარი, მოქალაქე რომ პარლამენტს წერს ამაზე ამბობენ რომ ძვირიაო’’, – წერს ანა დოლიძე
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ინიციატივით გამოდის, საპარლამენტო ინსტრუმენტზე, რომლის მიხედვითაც, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, პარლამენტში შეიტანოს საკანონმდებლო წინადადება, გარკვეული რეგულაციები დაწესდეს.