აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნიუ-იორკის სასამართლოში მივიდა, სადაც ბრალის წაყენების მიზნით ჩაბარდა.
ყოფილ პრეზიდენტს მანჰეტენის სასამართლოს შენობაში შესვლის წინ კომენტარი არ გაუკეთებია.
წინასწარი ინფორმაციით, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს 2016 წელს პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსისთვის 130 000 დოლარის გადახდის საქმეზე წაუყენებენ ბრალს. ოფიციალურად ბრალდება მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც მას ტრამპს გააცნობენ.
ტრამპს დაკავების შემდეგ ხელბორკილებს არ გაუკეთებენ, რადგან სასამართლო პროცესამდე ის სამართალდამცავი ორგანოების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ დარჩება.
ფორმალური პროცედურების შემდეგ, როგორიცაა თითის ანაბეჭდების აღება და ბრალდებების წაკითხვა, ტრამპი შესაძლოა, გაათავისუფლონ.
The New York Times-ის ინფორმაციით, ტრამპი აშშ-ის ისტორიაში მეორე პრეზიდენტია, რომელიც დააკავეს.
მანამდე, 1872 წელს, შეერთებული შტატების მე-18 პრეზიდენტი ულის გრანტი დააკავეს ვაშინგტონის ერთ-ერთ ქუჩაზე სიჩქარის გადაჭარბების გამო, როდესაც ის ორცხენიანი ეტლით გადაადგილდებოდა. მან ერთი დღის განმავლობაში ორჯერ დაარღვია კანონი, პირველად გაფრთხილება მისცეს, მეორე შემთხვევაში კი გრანტი და მისი რამდენიმე მეგობარი, რომლებთან ერთადაც იმყოფებოდა, პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ყველა მათგანს 20 დოლარის გირაოს გადახდა დაეკისრათ, რაც დღეს დაახლოებით 500 აშშ დოლარის ექვივალენტურია.
გრანტის ბიოგრაფიის ეს ეპიზოდი საჯაროდ მაშინ არ გავრცელებულა, ცნობილი გახდა მხოლოდ 1908 წელს, როდესაც ვაშინგტონის გაზეთმა The Sunday Star-მა გამოაქვეყნა ინტერვიუ მაშინდელ გადამდგარ ოფიცერთან, რომელმაც გააჩერა აშშ-ის მე-18 პრეზიდენტი. ყოფილი ოფიცერი იყო უილიამ ვესტი, შავკანიანი მამაკაცი, რომელიც მსახურობდა საკავშირო არმიაში სამოქალაქო ომის დროს. ეს ამბავი 100 წელზე მეტი ხნის შემდეგ დაადასტურა ვაშინგტონის პოლიციის დეპარტამენტმა.