spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სუდანის არმია თანახმაა, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ევაკუაციაში დაეხმაროს

სუდანის არმიამ განაცხადა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეების ევაკუაციაში დახმარებას დათანხმდა.

არმიამ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და ჩინეთი “უახლოეს საათებში“ გამოაცილებენ დიპლომატებს და სხვა მოქალაქეებს ხარტუმიდან.

სუდანის არმიის სარდალმა აბდელ ფატეჰ ალ-ბურჰანმა განაცხადა, რომ არმია უზრუნველყოფს უსაფრთხო მარშრუტებს, მაგრამ ზოგიერთი აეროპორტი, მათ შორის ხარტუმი და დარფურის უდიდესი ქალაქი, ნიალა, კვლავ პრობლემურია.

“სწრაფი მხარდაჭერის ძალების” (RSF) ხელმძღვანელმა ჰემედტიმ განაცხადა, რომ მან მიიღო სატელეფონო ზარი გაეროს გენერალური მდივნისგან ანტონიო გუტერეშისგან, სადაც მან “ხაზგასმით აღნიშნა ცეცხლის სრული შეწყვეტის აუცილებლობა და ჰუმანიტარული და სამედიცინო მუშაკების დაცვის უზრუნველყოფა”.

RSF-მა განაცხადა, რომ ისინი მზად არიან ნაწილობრივ გახსნან ყველა აეროპორტი, რათა მოხდეს ევაკუაცია. თუმცა, ხარტუმის საერთაშორისო აეროპორტი საომარ მოქმედებებში ჩავარდა და სხვა აეროპორტების სტატუსი ან მათზე RSF-ის კონტროლი გაურკვეველია.

სუდანში ამ დროისთვის საქართველოს 40-მდე მოქალაქე იმყოფება. რამდენიმე საათის წინ ქართული ავიაკომპანიის დირექტორებმა განაცხადეს, რომ სუდანში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად ცეცხლის შეწყვეტაზე ოფიციალურ ინფორმაციას და უსაფრთხოების გარანტიას ელოდებიან

სუდანში ქვეყნის არმიასა და „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ მებრძოლებს შორის დაპირისპირება 15 აპრილიდან მიმდინარეობს. შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 400-ს გადააჭარბა. ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციის ცნობით, საბრძოლო მოქმედებების შედეგად 413 ადამიანია მოკლული, 3 550-ზე მეტი კი დაშავებული.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები