ჟურნალისტის ციხეში ჩასმა წარმოუდგენელია, – ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას ფრაქცია “ხალხის მსახურის” თავმჯდომარე დავით არახამიამ განაცხადა.
“აღარაფერს ვამბობ ნიკა გვარამიაზე. ჟურნალისტის ჩასმა ციხეში წარმოუდგენელია. მითუმეტეს თუკი ქვეყანას აქვს ევროპული ამბიცია. თუკი წახვალთ ბრიუსელში, სტრასბურგში და ახსენებთ ნიკა გვარამიას საქმეს, ევროპელ მაღალჩინოსნებს აღარ უჩნდებათ სურვილი საქართველოს მთავრობის წევრებს ხელი ჩამოართვან. საქართველოს მთავრობას უნდა წარმოაჩინოს, თითქოს მათ პატივს სცემენ პარტნიორები, მაგრამ ეს ასე არ არის, როგორც კი სადილზე, ან არაფორმალურ ვითარებაში ხვდები ამ ადამიანებს, გაოგნებულები არიან ნიკას ისტორიით.
საქართველოს პრეზიდენტისგან იყო დაპირება, რომ ის შეიწყალებდა ნიკა გვარამიას, ვფიქრობდით, ის საფრანგეთის მოქალაქეა და იქნებ გადაედგა პროევროპული ნაბიჯი, მაგრამ არა. მოკლედ რომ შევხედოთ და შევაჯამოთ რა არის ძალიან პრობლემატური – პირველ ადგილზეა აგენტების კანონი, მეორე ადგილზეა ნიკა გვარამიას პატიმრობა. არ შეიძლება ჟურნალისტი იყოს ციხეში. ეს გაუგონარია”, – განაცხადა არახამიამ.
მისივე თქმით, “თუ ნიკა გვარამიას გაათავისუფლებენ, ის იქნება პირველი, ვინც წავა პრეზიდენტთან და თბილისში ელჩის გაშვებას სთხოვს”.
“პირველი ნაბიჯი იქნება ნიკა გვარამიას გათავისუფლება. ნიკა გვარამია პოლიტიკოსი არაა, ის ჟურნალისტია და თუკი მას ციხიდან გამოუშვებენ, მე ვიქნები პირველი, ვინც წავა ჩემს პრეზიდენტთან და ვთხოვ, რომ გავუშვათ ელჩი თბილისში” – განაცხადა არახამიამ “მთავარ არხთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში.