“ჩვენი საზოგადოება, რომლის უდიდესი ნაწილისთვის სულ ერთი ნამდვილად არ არის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა და მასთან დაკავშირებული პროცესები, იმსახურებს, ფლობდეს მეტ ინფორმაციას და იცოდეს სიმართლე საქართველოსთან დაკავშირებით არსებულ განწყობებზე, მათ წარმომავლობაზე და მოლოდინზე“, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მან გასულ კვირას გამართულ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა.
“ჩვენი მიზანი ყოველთვის არის მსგავს შეხვედრებისას, გაკეთებულ საქმეზე ვისაუბროთ და ვიზრუნოთ ევროკავშირთან თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობებზე. მიუხედავად იმისა, რომ იყო მცდელობა გასულ კვირას გამართული შეხვედრა გამოყენებულიყო მხოლოდ კრიტიკული პოზიციების გასაჟღერებლად, ჩვენ შევძელით გარდა მათზე პასუხების გაცემისა, გვესაუბრა ასოცირების შეთანხმების და ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროგრესზე, რაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისთვის არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებების მცდარი ინტერპრეტაციების განხილვა“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, შეხვედრის პირდაპირი ტრანსლაცია, პირველად მოხდა და ეს იყო კარგი შესაძლებლობა, რომ საზოგადოებას თავად ედევნებინა თვალი და შესაბამისი დასკვნები გაეკეთებინა.
“გასულ კვირას ბრიუსელში გამართული შეხვედრების შემდეგ გაჩნდა აღქმა, რომ არის სერიოზული მცდელობა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვა მოხდეს არა იმ 12 რეკომენდაციის შეფასების საფუძველზე, რომელიც ევროკომისიამ შეიმუშავა და ევროკავშირის 27 წევრმა ქვეყანამ დაამტკიცა, როგორც კანდიდატის სტატუსის მიღების წინაპირობა, არამედ უხილავი წინაპირობების მიხედვით, რომლის განსაზღვრაც და შესრულებაც რთულია საქართველოს ხელისუფლებისთვის“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, ასეთი წინაპირობების ინტერპრეტაცია მარტივია, ყველასთვის, ვისაც სურვილი აქვს არ დაუშვას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.
“რთულია ბრიუსელმა უგულებელყოს ხელისუფლების ძალისხმევა, რომელიც არ დაგვიშურებია იმისთვის, რომ 12- ვე რეკომენდაციის შესასრულებლად გვემუშავა ამ ერთი წლის განმავლობაში. რთულია ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებმა უგულვებელყონ ის ძალისხმევა, რომელიც არ დაგვიშურებია იმისათვის, რომ შეგვექმნა ყველა წინაპირობა, დეკემბერში ევროკავშირის საბჭოს მიერ საქართველოსთან დაკავშირებით პოზიტიური პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად. რთულია ასევე არ დაინახო ოპოზიციის დიდი ნაწილის ძალისხმევა, ევროკავშირში ინტეგრაცია ქვეყნის სტრატეგიული მიზნის ნაცვლად გადააქციოს ხელისუფლებისთვის ბრძოლის იარაღად. ასევე რთულია არ შეიმჩნიო ის გამალებული კამპანია, რაც მიმართულია საქართველოს ისტორიული, სტრატეგიული არჩევანის – ევროატლანტიკური ოჯახის წევრობის საკითხზე უსაფუძვლო კითხვის ნიშნების გასაჩენად“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, გასული ერთი წლის განმავლობაში ხშირად ისმის ფრაზა, რომ ევროკავშირმა ევროპული პერსპექტივა მოგვანიჭა და ახლა ბურთი საქართველოს მხარესაა.
“მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია ფეხბურთის თამაში არ მგონია, და არც იმას ვფიქრობ, რომ მოედნის ერთი ნახევრიდან მეორე ნახევარზე ბურთის გორაობის დრო და ფუფუნება გვაქვს, მაინც მოგმართავთ თქვენ, ჩემს კოლეგებს ოპოზიციიდან: თუკი ბურთი საქართველოს მხარესაა და ფეხბურთის წესებით ვთამაშობთ გაითვალისწინეთ, რომ თამაშს მხოლოდ კარგი გუნდი იგებს. მხოლოდ თავდამსხმელი ვერაფერს იზამს თუნდაც 12 გოლის გატანით, თუ მცველი თავის საქმეს არ გააკეთებს ან მეკარე უფრო მეტ ბურთს გაუშვებს კარში. პარლამენტის ოპოზიციონერო წევრებო, თუ თქვენ საქართველოს მხარეს არ ითამაშებთ, ამ მატჩის მოგება ჩვენი ქვეყნისთვის რთული იქნება“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მედიის წარმომადგენლებსაც მიმართა.
“გილოცავთ, თქვენი ხმა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ბრიუსელშიც კარგად ისმის. იმდენად კარგად, რომ ამ ფონზე საქართველოში მედიის თავისუფლების ხარისხის კრიტიკა იმავე ადამიანებისგან, რომლებიც ქართული ე.წ. კრიტიკული ტელეარხების სათაურებით გვესაუბრებიან, რთული გასაგები ხდება. ძვირფასო ოპოზიციონერო ჟურნალისტებო, ვიდრე ქართულ საპარლამენტო დელეგაციას რუსეთის დუმის დელეგაციებს შეადარებთ, და ზედსართავს – ‘“რუსული“ ხშირ-ხშირად გამოიყენებთ საკუთრი ქვეყნის ხელისუფლების მისამართით, თქვენი მფლობელების დავალებით, დაფიქრდით, ხომ არ გიყენებენ თქვენივე ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ?“ – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მან ასევე მიმართა სამოქალაქო საზოგადობის ზოგიერთ წარმომადგენელს.
“ბრიუსელში ძალიან ხშირად მოსიარულე სამოქალაქო საზოგადობის ზოგიერთ წარმომადგენელს მინდა მივმართო, გაუგებარია, რა გსურთ, როდესაც ბრიუსელში ითხოვთ ხალხს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი და არა ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას. ეს არის ყალბი ვაი ლობიზმი. მსგავსი რამ არ არსებობს, ისე როგორც ხელისუფლების გარეშე არ არსებობს სახელმწიფო. მაშინ, როდესაც სამოქალაქო საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენელი ლობირებს ქართული ოცნების მმართველობის პირობებში არ მიენიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი, მე მიჩნდება კითხვა, ქართული საზოგადოების რა ნაწილის დაკვეთით ითხოვთ ასეთ აბსურდს? და ზოგადად, ვინც ასეთი გამალებით ხართ ანტიქართულ კამპანიაშია ჩართული რა დაგიშავათ ასეთი საკუთარმა სამშობლომ, რომ ასე იმეტებთ ამ უმნიშვნელოვანეს მომენტში? “ – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.