spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ეკა ბესელია – ახლა ასეთივე პრინციპულობით უნდა იყოს მოთხოვნა რეალური რეფორმების გატარების და ამის მოდარაჯე უნდა იყოს ზუსტად საზოგადოების ეს აქტიური ნაწილი

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას საქართველოში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. საზოგადოების აქტიურობამ შედეგი გამოიღო – “ქართულმა ოცნებამ” მის მიერ მიღებული კანონი მეორე მოსმენაზე ჩააგდო. მარტის პროტესტს სხვა გამოსვლებისგან ერთი ყველაზე განმასხვავებელი ნიშანი დაჰყვება – ახალგაზრდების, სტუდენტების მკაფიო ხმა, რომელიც ქვეყანას ამ დრომდე მეტნაკლებად აკლდა.

რა მნიშვნელობა აქვს ახალგაზრდების პროტესტს, რა ხდება ახლა საქართველოში, რატომ შეცვალა გადაწყვეტილება “ქართულმა ოცნებამ”, რა ელის ქვეყნის დასავლურ კურსს – ამ და სხვა საკითხებზე Front News-ს “ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატი, პარტია “სამართლიანობისთვის“ დამფუძნებელი ეკა ბესელია ესაუბრა.

– რა ხდება ახლა საქართველოში, რა პროცესები მიმდინარეობს და რა შედეგი შეიძლება მოიტანოს ამ აქტიურობამ?

– ახლა რაც ხდება საქართველოში, არის ყველაზე ჯანსაღი პროცესი ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ ჩვენი შვილების თაობამ, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე, გაიაზრა პასუხისმგებლობა მომავლის წინაშე, საკუთარი პერსპექტივის წინაშე, დაირაზმნენ და გამოვიდნენ გარეთ ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად.

ახლა არის ყველაზე ჯანსაღი პროცესი, რაც ბოლო წლებში მახსოვს, როდესაც ერთიანდება სამოქალაქო საზოგადოება, აპოლიტიკური ადამიანები, ისინი, ვინც შეიძლება ძალიან სკეპტიკურად უყურებდნენ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს. ყველამ ერთად დაინახა საფრთხე, რომლის წინაშეც დადგა ქვეყანა. ეს ქვეყნის პერსპექტივის და მომავლის თვალსაზრისით უდავოდ დადებითი შედეგის მომტანია.

– რატომ გადაწყვიტა “ქართულმა ოცნებამ” კანონპროექტების ჯერ მიღება და შემდეგ მათი უკან გაწვევა? ფიქრობთ, რომ მმართველმა ძალამ პროტესტი გაითვალისწინა?

– მე მიჭირს დავეწიო „ქართული ოცნების“ ლოგიკას, მიჭირს გავიაზრო რატომ შეიძლება ასე უგუნურად იქცეოდეს ხელისუფლება, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ იქ არიან ადამიანები, რომელთაც არც პოლიტიკური გამოცდილება, არც საკმარისი განათლება, არც რაიმე დამაიმედებელი ბიოგრაფიაში არ აქვთ, არ უნდა გაგვიკვირდეს. მეორე მხრივ აშკარაა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ აიღო პრორუსული კურსი და შეცვალა ის ორიენტირი, რაც ჩვენ კონსტიტუციაში ჩავწერეთ, ვთქვით, რომ ქვეყნის საგარეო კურსი არის ევროკავშირში და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია. მე არ გამოვრიცხავ, რომ ეს ჯგუფი იმართება სრულიად სხვა დღის წესრიგით და ეს დღის წესრიგი სამწუხაროდ, ემთხვევა რუსულ დღის წესრიგს, სწორედ ამან განაპირობა ასეთი ფატალური შეცდომა.

შიში აიძულებს ხელისუფლებას გაიწვიოს კანონი უკან. მე ვამბობდი ყველა კომენტარში, რომ თუ რამე დაახევინებს უკან ხელისუფლებას, ეს არის ხალხის ძლიერი პროტესტი. მათ შეამოწმეს რამდენად მძლავრი იყო ეს დემონსტრაცია, სცადეს შეტევაზე გადასვლა, დაარბიეს აქცია, არაპროპორციული ძალა გამოიყენეს, ბევრ შემთხვევაში იყო აშკარა სისხლის სამართლის დანაშაული მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ და დაინახეს, რომ ამ მოვლენებმა კიდევ უფრო გააბრაზა საზოგადოება, კიდევ უფრო მეტი გამოვიდა მეორე დღეს და კონსოლიდირებულმა, ძალიან პრინციპულმა, თანმიმდევრულმა ბრძოლამ დაახევინა უკან.

– რა როლი აქვს ამ ყველაფერში საერთაშორისო საზოგადოების და ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორების საკმაოდ მკვეთრ პოზიციას იმის გათვალისწინებით, როცა ოპოზიცია  აცხადებს, რომ მმართველი ძალა დასავლეთს უკვე აღარ უსმენს? 

– ძალიან ძლიერი იყო გარე მხარდაჭერა, ძალიან მყისიერი გამოხმაურება იყო: ევროკავშირის, გაეროს, ევროპის საბჭოს, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის, სახელმწიფო დემპარტამენტის, ამერიკის ელჩის მხრიდან. გამოსარჩევია ჩვენი ქვეყნის მეგობარი ქვეყნების სწორი და ძლიერი მხარდაჭერა მიმდინარე მოვლენების მიმართ. ეს ყველაფერი სინქრონში მოვიდა შიდა განწყობებთან, უფრო მეტად გაგვაძლიერა და მივიღეთ სასურველი შედეგიც.

– ფიქრობთ, რომ ქვეყნის დასავლურ კურსს რეალურად ემუქრება საფრთხე? შეძლებს საზოგადოება საქართველოს არჩევანის დაცვას? ვხედავთ, რომ ეს ის საკითხია, რის ირგვლივაც მოქალაქეებს გაერთიანება შეუძლიათ

– დასავლურ კურსს რეალურად საფრთხე ემუქრება, ეს გამოჩნდა ყველაზე მკაფიოდ მაშინ, როდესაც ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიაციით ხელმოწერილი დოკუმენტი გადააგდეს. ეს რომ თავის კვალს დატოვებდა და ნდობას დაუკარგავდა მმართველ პარტიას, მათ უნდა სცოდნოდათ, ამის გაკეთება იყო ფატალური შეცდომა და ამას არავინ აპატიებდა. ეს მაგალითი იყო პირველი ნიშანი კურსის ცვლილებისა და უპატივცემულობის იმ ოჯახის მიმართ, რომელშიც საქართველო უნდა გაწევრიანდეს.

ახლა, როდესაც გაცნობიერდა ის ფაქტი, რომ საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც საფრთხეს უქმნის საგარეო კურსს და ევროპულ არჩევანს, გაჩნდა შიში, რომ შესაძლებელია საქართველო აღმოჩენილიყო რუსეთის მხარდამხარ, მე ვფიქრობ, რომ ამ საფრთხემ შეძლო და გააერთიანა ქართული საზოგადოება.

– შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ახალგაზრდების, სტუდენტების პირველი ერთსულოვანი პროტესტი, თქვენ როგორ შეაფასებდით მათ გააქტიურებას?

– მე ყველაზე მეტად ახლა ვარ მშვიდად და დავწერე კიდეც, რომ შემიძლია ვიყო მშვიდად, რადგან ახლა ჩვენი შვილების თაობა მოდის, რომელმაც უნდა გადაიბაროს ქვეყანა. მათ უნდა ისწავლონ, მიიღონ კარგი განათლება, მოემზადონ იმისთვის თუ როგორ მართონ ქვეყანა, შემდეგ კი ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ხელი შევუწყოთ მათ განვითარებას და პრაქტიკულ გამოცდილებას. მე ბოლო ორი წელია, სწორედ ამით ვარ დაკავებული, ქვეყნის ხუთ სხვადასხვა სახელმწიფო უნივერსიტეტში ვატარებ ტრენინგებს ჩემს კოლეგებთან, ძალიან გამოცდილ ექსპერტებთან ერთად. პროექტი USID-ის მხარდაჭერით ტარდება, რომლის მიზანია, სტუდენტებს დავანახოთ თავიანთი ძალა, დავეხმაროთ საკუთარი შესაძლებლობების გაზრებაში და იცოდნენ, რომ ისინი არიან ჩვენი ხვალინდელი დღე.

– როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია, რომ მოგვიანებით “ქართულმა ოცნებამ” ე.წ. აგენტების კანონის მსგავსი შემოგვთავაზოს? ანუ თუ არის კიდევ მოსალოდნელი მორიგი შეტევა არასამთავრობო სექტორზე და არა მარტო მათზე? 

– ვიდრე კობახიძე, ოხანაშვილი, მათიკაშვილი, მდინარაძე, ეს ადამიანები ასრულებენ ვიღაცის დავალებას, ყოველთვის იქნება საფრთხე სუბარის თუ ყაველაშვილის მსგავსი ადამიანების ხელით ქვეყნისთვის ღალატის ტოლფასი ნაბიჯი გადაიდგას.

სამწუხაროდ, მათ ისე გაანულეს საკუთარი რეპუტაცია და ისე დაკარგეს ხალხის თვალში ნდობა, რომ ყველამ ვნახეთ, საჯაროდ გაკეთებული განცხადების არ სჯეროდა ხალხს, ბოლომდე გარეთ იდგნენ, დარაჯობდნენ  და ვიდრე კენჭისყრით არ ჩავარდა ეს კანონი, იქამდე ფეხი არ მოუცვლიათ ადგილიდან.

ასე ხდება, როდესაც ნდობას კარგავს ხელისუფლება, როდესაც არ უფრთხილდება ამ მონაპოვარს, როდესაც არ აინტერესებს რა ადარდებს ხალხს და ყველანაირი ძალისხმევით ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას. ეს ემსგავსება წინა რეჟიმს, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობას და ემსგავსება იმიტომ, რომ ერთი და იგივე ადამიანები არიან ხელისუფლებაში, უბრალოდ სახელები და გვარებია სხვადასხვა, თუმცა მენტალურად არის ზუსტად იგივე ხალხი, რაც იყო წინა ხელისუფლების დროს. მეთოდებს ვერ იყენებენ იმდენად, რამდენადაც ამის შესაძლებლობა აქვთ, ყოველშემთხვევაში მართვის მოდელი წინა ხელისუფლების იდენტურია.

– რატომ მივედით აქამდე? ვინ არის ამაში დამნაშავე?

– მე ვფიქრობ, რომ ჩვენს ხალხს აქვს ასეთი თვისება, რომ ითმენს ძლიან ბევრს და შემდეგ მოთმინების ფიალა რომ ევსება, ბოლო წვეთი ხდება მაპროვოცირებელი, რომ დაგროვილმა პროტესტმა იფეთქოს.

ხელისუფლებას კი ჰგონია, რომ ხალხი არ გამოდის ყველა ჯერზე, როდესაც ის თავხედურად იქცევა, ეს მას ათამამებს, თუმცა ამჯერად ვითარება სულ სხვანაირი იყო, რადგან ახალგაზრდობა შემოუერთდა ჩვენს ბრძოლას და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი.

ჩვენ უნდა ვისწავლოთ პროტესტის გამოხატვა, რადგან არ მივიდეს პროცესი იქამდე, რომ გამოუსწორებელი ზიანი იყოს სახეზე და ამის შემდეგ დემონსტრაცია შეიძლება ვერ აკომპენსირებდეს იმ ზიანს, რაც იყოს მიღებული.

– ფაქტია, რომ 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით მთელი რიგი პრობლემებია და ამის შესახებ ჩვენი პარტნიორებისგან არაერთ განცხადებას ვისმენთ. თქვენი აზრით, მოსალოდნელია, რომ მსგავსი პროტესტით ამ კუთხითაც შევძლოთ სიტუაციის შემობრუნება?

– წინ არის მთავარი 12 პუნქტის შესრულება. მართლმსაჯულების რეფორმა – სწორედ ამ რეფორმის მხარდაჭერაა ახლა საჭირო ასეთივე ენერგიით და ეს ადამიანები რომ ყოფილიყვნენ იმ დღეს პარლამენტთან, როდესაც კენჭისყრა ტარდებოდა, დარწმუნებული ვარ, ვერ გაბედავდა „ოცნება“ და ვერ დანიშნავდა სამუდამოდ წარსულის სასტიკი რეჟიმის ადამიანებს.

მე ვფიქრობ, რომ ახლა ასეთივე პრინციპულობით უნდა იყოს მოთხოვნა რეალური რეფორმების გატარების და ამის მოდარაჯე უნდა იყოს ზუსტად საზოგადოების ეს აქტიური ნაწილი, სტუდენტობა, ახალგაზრდობა, რომელიც ჩვენთან ერთად უნდა იბრძოდეს, რომ შედგეს თაობათა კავშირი, რათა საქართველომ მოიპოვოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, თავი დააღწიოს რუსულ საფრთხეს და გახდეს თავისუფალი სამყაროს ნაწილი. ეს არის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი.

ნიკოლოზ ბუთლიაშვილი

Front News

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები