პოლიტიკის ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე Front News-თან ინტერვიუში საქართველოში მიმდინარე იმ ძირითადი პროცესების შესახებ საუბრობს, რომლებიც ქვეყნის ხვალინდელ ბედს განსაზღვრავენ.
როგორც ძაბირაძე აცხადებს, უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია, ყველამ იცოდეს, რომ თითოეული პოლიტიკოსისთვის და რიგითი მოქალაქისთვის ამოსავალი წერტილი უნდა იყოს არა არა პირადი, არამედ ქვეყნის ინტერესებით ხელმძღვანელობა.
– ბატონო ვახტანგ, საქართველოს პარლამენტში განიხილება კანონპროექტი „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“. როგორ შეაფასებდით კანონპროექტის არსს – ეს არის ამერიკული თუ რუსული პროექტის ანალოგი?
– იმ გუნდს, რომელმაც ეს კანონპროექტი წარმოადგინა, ამერიკის კანონმდებლობაში არც კი ჩაუხედავს და იქ არაფერი უძებნია. ჩანს, რომ ქართული ხელისუფლება რუსულ კვალს მიჰყვება. რუსეთშიც ირწმუნებოდნენ, რომ ამ ყველაფერს სანქციები არ მოჰყვებოდა, მაგრამ შემდეგ ყველაფერი ისე წავიდა, როგორც წავიდა – დღეს რუსეთში აღარც არასამთავრობო ორგანიზაციებია და არც თავისუფალი მედია.
– მედიის, არასამთავრობობეისა თუ საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთების მიუხედავად, ფიქრობთ თუ არა, რომ აღნიშნულ კანონპროექტს პარლამენტი მიიღებს?
– დარწმუნებული ვარ, რომ ამ კანონპროექტს პირველი მოსმენით მიიღებენ, ხოლო შემდეგ ეს პროცესი გაიწელება. მთავარი ის არის, რომ ამჟამად „ქართული ოცნება“ იზოლაციაშია, როგორც ჩვენი პარტნიორების მხრიდან, ისე არასამთავრობოების მხრიდან. ამასთან, ამ პროცესებში მნიშვნელოვანია ოპოზიციის როლი, თუ რას გააკეთებენ მიმდინარე მოვლენების პარალელურად. ფაქტია, ოპოზიცია უფრო უნდა გააქტიურდეს.
– პარლამენტის დეპუტატი ფრიდონ ინჯია ინიციატიცით გამოვიდა, რომ აგვისტოს ომის თემაზე საგამოძიებო კომისია შეიქმნას. აღნიშნული ინიციატივა „ქართული ოცნების“ დეპუტატთა ნაწილმაც მოიწონა. როგორ ფიქრობთ, რამდენად მიზანშეწონილია ახლა აღნიშნული მიმართულებით მუშაობა?
– არ ვარ დარწმუნებული, რომ იმ კომისიის მიერ, რომელიც თავის დროზე „ნაცმოძრაობამ“ შექმნა აგვისტოს ომთან დაკავშირებით, ყველაფერი სიმართლე იქნა ნათქვამი. ვერც იმაში ვიქნები დარწმუნებული, რომ დღეს „ქართული ოცნება“ დადებს ობიექტური გამოძიების შედეგს. ეს ყველაფერი გამოყენებული იქნება იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ აჩვენონ ხალხს, რა ცუდია „ნაციონალური მოძრაობა“. ამ საკითხზე ობიექტური გამოძიების იმედი არ მაქვს.
– ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებითაც გკითხავთ, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ნაცმოძრაობას“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია გამოეყოფა და თანამოაზრეებთან ერთად, ახალ პარტიას შექმნის. რამდენად წარმატებული შეიძლება იყოს „ნაცმოძრაობისგან დამოუკიდებლად მისი პოლიტიკური მოღვაწეობა?
– ნიკა მელიამ ნაჩქარევი გადაწყვეტილება არ უნდა მიიღოს. ვფიქრობ, შემოდგომამდე დროის გაწელვა ღირს. ფაქტია, ლევან ხაბეიშვილმა დანაპირები ვერ შეასრულა, ამიტომ მელია ან ახალ არჩევნებს უნდა დაელოდოს, ან ეცადოს, რომ უფრო მეტი მხარდამჭერი წამოიყვანოს პარტიიდან. რამდენად წარმატებული იქნება მელია დამოუკიდებელ მოთამაშედ, ამას სამომავლოდ მისი პოლიტიკური ნაბიჯები განსაზღვრავს.
– როგორც ცნობილია, სასამართლომ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების მოთხონა არ დააკმაყოფილა. როგორ შეაფასებდით აღნიშნულ გადაწყვეტილებას?
– ამ საკითხთან დაკავშირებით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიმართვა, ამ თემამ უკვე გადაინაცვლა საპარლამენტო ტრიბუნიდან საერთაშორისო საზოგადოებაში, თუ იქნება უფრო მეტი ზეწოლა, ხელისუფლება სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ნაბიჯს აუცილებლად გადადგამს.
ეკატერინე ზარნაძე
Front News