არჩევანი, რომელსაც სთავაზობს “ქართული ოცნება” საქართველოს, ეს არის ჩიხი, ეს არის რუსული განვითარების ტიპის არჩევანი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.
“ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია საქართველოს ხალხის ისტორიულ გზაზე, ახლა უნდა გაკეთდეს არჩევანი. არჩევანი, რომელსაც სთავაზობს “ქართული ოცნება” საქართველოს, ეს არის ფიქტიური, ეს არის ჩიხი, ეს არის რუსული განვითარების ტიპის არჩევანი, რომელიც ხასიათდება სხვადასხვა ნაწილით – ქვეყანა ყოველთვის იქნება ღარიბი, იმიტომ, რომ რუსეთს არ ექნება მეგობრული ურთიერთობა მდიდარ ქვეყანასთან, ქვეყანა ყოველთვის იქნება წნეხის ქვეშ, იმიტომ, რომ რუსეთს შეუძლია გამოიყენოს მხოლოდ დომინანტური და დათრგუნვის მეთოდები ორმხრივ ურთიერთობებში, საქართველოში ყოველთვის იქნება პოლიტიკური არასტაბილურობა”, – განაცხადა პოდოლიაკმა გადაცემაში “გიორგი თარგამაძის ფორმულა”.