უკრაინა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ რუსი ოკუპანტები დაისაჯონ თავდასხმებისთვის, მათ შორის დღევანდელი თავდასხმისთვის დნიპროში, მაღალსართულიან კორპუსზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, დნიპროში, ოკუპანტებმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შენობასაც დაარტყეს.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, ის დაუყოვნებლივ ესაუბრა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურ, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურს და დნეპროპეტროვსკის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს სერხი ლისაკს.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილზე უკვე ყველა საჭირო სამსახურია, დაზარალებულებს დახმარება უტარდებათ და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
“ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ რუსეთი სრულად დაისაჯოს ჩვენი ხალხის წინააღმდეგ აგრესიისა და ტერორის გამო. ეს ნაძირალები პასუხს აგებენ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ სამართლიანობისთვის”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
28 ივლისს, საღამოს უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ რიგ რაიონებში საჰაერო განგაში გამოცხადდა. როგორც საჰაერო ძალებში განმარტეს, ეს დაკავშირებული იყო რუსების მიერ ბალისტიკური იარაღის გამოყენების საფრთხესთან.
ამის შემდეგ დნიპროსა და ზაპოროჟიეში აფეთქებები გაისმა. შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი დაშავდა.