spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მეუფე გრიგოლი – მშვიდობის საფუძველი და საყრდენი უფალშია, რწმენაში, სიყვარულში და არა ისტორიული მეხსიერების წაშლაში

ომებს წარსულის ხსოვნა კი არ იწვევს, არამედ ომებს და უბედურებებს, კაცთკვლას იწვევს ღმერთის დავიწყება, ადამიანობის დავიწყება, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა განაცხადა.

 

“ღმერთმა გაანათლოს 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ადამიანების უკვდავი სული, სამხედროების, მშვიდობიანი მოქალაქეების და ყოველთა საქართველოსთვის თავდადებულთა. არის თეორია, იმისათვის, რომ მშვიდობა იყოს ადამიანებს უნდა წაუშალო ისტორიული მეხსიერება. ჩვენი სამშობლოა ეს პლანეტა, ამ პლანეტაზე ცხოვრობენ სხვადასხვა ხალხები, რომელთაც აქვთ თავისი ენა, კულტურა, ისტორია და რომლებიც თავის ტრადიციაში ზრდიან თავის მომავალ თაობებს. ამ ხალხებს შორის არის ჩვენი ერი, ჩვენი ხალხი, რომელიც ათასწლეულებია მოაბიჯებს ისტორიული განვითარების გზაზე თავისი სიხარულით, ტკივილით, დაცემით, წამოდგომით, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს ჩვენ ვარსებობთ და კვლავ ვფიქრობთ მომავალზე. ამ იმედით ადამიანები ქორწინდებიან, ზრდიან შვილებს, ცდილობენ გააუმჯობესონ ცხოვრების პირობები, რომ უკეთესი გარემო შექმნან, ვუნერგავთ შვილებს, რომ უყვარდეთ ადამიანი, ღმერთი.

 

ომებს წარსულის ხსოვნა კი არ იწვევს, არამედ ომებს და უბედურებებს, კაცთკვლას იწვევს ღმერთის დავიწყება, ადამიანობის დავიწყება, რომ არ უნდა გაუკეთო სხვას ის, რაც არ გინდა, რომ შენ გაგიკეთონ და ეცადო სხვას ისე მოექცე, როგორც შენ გინდა, რომ მოგექცნენ, მშვიდობის საფუძველი, საყრდენი სწორედ ამაში მდგომარეობს, მშვიდობის საფუძველი და საყრდენი უფალშია, რწმენაში, სიყვარულში და არა ისტორიული მეხსიერების წაშლაში. ჩვენ ისედაც გვღალატობს ხოლმე მეხსიერება და ყოველგვარი ამ თეორიების გარეშე ნელ-ნელა ვივიწყებთ, ტკივილები განელდება, არ არის რაიმე სიახლე ამაში.

 

აი, 15 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან და როგორი არის რეაგირება, რეაქცია იმ დღეების გახსენებაზე, ბევრ ადამიანს ამის გახსენებაც არ უნდა, გასაგებია, არ გვინდა გავიხსენოთ ეს ტკივილები, ეს ძალიან დიდი ტრაგედია, მაგრამ ამის დავიწყებით სიახლე არ იბადება, არამედ ჩვენ შეგვახსენებს იმას, თუ რა საფრთხეების წინაშე ვდგავართ და როგორ უნდა დავიცვათ თავი.

 

ვწუხვართ იმის გამო, რაც უახლოესი დღეების წინ განვითარდა რაჭაში, შოვში, ეს მწუხარება არ დამთავრდება დღეს და ხვალ, მით უმეტეს, ჯერ კიდევ არ არიან დაკარგული ადამიანები ნაპოვნი. ჩვენ ვწუხვართ ამას, ჩვენი დები და ძმები არიან, ჩვენი შვილები არიან. ღმერთმა დალოცოს მათი უკვდავი სულები და თუ სადმე ვინმე ისეთ გარემოშია ჩარჩენილი, რომელსაც შველა სჭირდება, ღვთის მადლით გამოჩენილიყოს. ღმერთმა დალოცოს ჩვენი მაშველები, ის ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებით გამჟღავნდებიან ხოლმე განსაცდელების დროს, განსაცდელი გამოაჩენოს ხოლმე ასეთ ადამიანებს, ღმერთმა დალოცოს ისინი, ღმერთმა დალოცოს ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე.

 

ჩვენ თუ არ დავიჯერეთ, არ ვიწამეთ, რომ შეგვიძლია, გადავლახოთ განსაცდელები, ვაჯობოთ გამოწვევებს, რომლის წინაშეც ვდგავართ, რა თქმა უნდა, გამარჯვებები სიზმარშიც კი არ მოვა. ქვეყანას, რომელიც ჩვენ მივიღეთ წინაპართაგან, რომელსაც ათასწლეულების ისტორია აქვს, მომავალი ჩვენ უნდა შევუქმნათ ღვთის მადლით, ჩვენი რწმენით და ჩვენი ძალიან დიდი შრომით და თავდადებით.

 

განუსაზღვრელად მნიშვნელოვანია აწმყო, როდესაც ძალიან ბევრი რამ იჭედება ჩვენი ცხოვრებისა და ამ აწმყოში იბადება თაობა, რომელსაც სწორი მიმართულება და ორიენტაცია უნდა მივცეთ აღზრდისას და როგორ შევასრულებთ ამ მისიას, ბევრად განმსაზღვრელი იქნება სამომავლო ყოფისა”, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები