კიევის ოლქში ერთ-ერთ რაიონში ჩამოგდებული ფრთოსანი რაკეტების ნამსხვრევების ჩამოვარდნის გამო 10 კერძო სახლი დაზიანდა.
კიევის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის რუსლან კრავჩენკოს განცხადებით, დაშავდა ორი ადამიანი, მათ დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს, ოპერატიული სამსახურები მუშაობას აგრძელებენ.
მისივე თქმით, ღამით მტერმა რეგიონს კიდევ ერთხელ შეუტია რაკეტებით. საჰაერო შეტევა თითქმის 3 საათს გაგრძელდა. რეგიონში საჰაერო თავდაცვამ იმუშავა, საჰაერო თავდაცვის ძალების პროფესიონალური მუშაობის წყალობით, კრიტიკულ ან საცხოვრებელ ინფრასტრუქტურაზე დარტყმები არ მომხდარა.
როგორც კიევის რეგიონის ეროვნული პოლიციის უფროსმა ანდრეი ნებიტოვმა განაცხადა, პოლიცია ოკუპანტების მიერ ღამის თავდასხმის შედეგებს აღრიცხავს.
“სამართალდამცავი თანამშრომლები ამოწმებენ ნამსხვრევების ჩამოვარდნის ადგილებს და აფიქსირებენ მტრის აგრესიის შედეგებს“, – განაცხადა მან.