spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

საპარლამენტო ოპოზიციის წევრები ვენეციის კომისიის დელეგაციას შეხვდნენ

საპარლამენტო ოპოზიციის წევრები საქართველოში ვიზიტით მყოფ ვენეციის კომისიის დელეგაციას  შეხვდნენ.

 

შეხვედრაზე ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესში გადადგმულ ნაბიჯებსა და გატარებულ რეფორმებზე ისაუბრეს.

 

“ვენეციის კომისიას აინტერესებდა ოპოზიციის მოსაზრებები იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც აქტუალური და მნიშვნელოვანია 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების ნაწილში. სასამართლო  რეფორმასთან, ასევე  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებით ჰქონდათ კითხვები“, – განაცხადა ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან ბეჟაშვილმა.

 

მხარეებმა ასევე განიხილეს  საარჩევნო კანონმდებლობასა  და ანტიკორუფციული ბიუროს შექმნასთან დაკავშირებული საკითხები.

 

“ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო „საარჩევნო კოდექსი“ და მასში  ბოლო პერიოდში ხშირად განხორციელებული სხვადასხვა ცვლილება. ვისაუბრეთ ასევე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაყოფაზე. მათი ვიზიტის მიზანია მაქსიმალურად მიიღონ ინფორმაცია როგორც ოპოზიციიდან ასევე ხელისუფლებიდან და ამის მიხედვით გააკეთონ კონკრეტული დასკვნები“, – განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის  „რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ.

 

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოში არჩევნების ელექტრონული სისტემით ჩატარებაზე და ანტიკორუფციული ბიუროს კანონმდებლობაზე.

 

“ჩვენი მხრიდან ხაზგასმული იყო, რომ საქართველოში თავისუფალი არჩევნების ჩატარება იქნება ყველაზე მაღალი ხარისხის შეფასების ფაქტორი კანდიდატის სტატუსის მინიჭების კონტექსტში და  შემდეგ უკვე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. 15-16 დეკემბერს იქნება ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნა, რომელიც შეეხება საარჩევნო ცვლილებებს, ანტიკორუფციული ბიუროს შექმნას, იმ ცვლილებებს, რომელიც განხორციელდა პარლამენტის რეგლამენტში და ზოგადად მთელ კონტექსტს, რომელიც უკავშირდება თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას“, – განაცხადა „ევროოპტიმისტების“ წევრმა ხატია დეკანოიძემ.

 

ვენეციის კომისიის დელეგაციასთან  შეხვედრას ესწრებოდნენ: ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ბეჟაშვილი, პოლიტიკური ჯგუფის  „რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე, „ევროპელი სოციალისტების“  თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია,  „ეროვნული და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის“  თავმჯდომარე ნიკა მაჭუტაძე,  „ევროოპტიმისტების“ წევრი ხატია დეკანოიძე,  და „გირჩის“  წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები