პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იაგო ხვიჩიას და თენგიზ შარმანაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც იაგო ხვიჩიას დარბაზის დატოვება მოუწია.
დაპირისპირების მიზეზი თენგიზ შარმანაშვილის მოთხოვნა გახდა, რომელმაც სხდომის წამყვანს რეგლამენტის დაცვა მოსთხოვა. მისი განმარტებით, მესამე მოსმენის საკითხების განხილვისას იმ კითხვების დასმა, რასაც “გირჩის“ წარმომადგენელი მომხსენებელს უსვამდა, მიზანშეწონილი არ იყო.
“პირად შეურაცხყოფებს თავი დაანებეთ, ძალიან ცუდად დამთავრდება ეს. ეს კაცი არის გადასული პირად შეურაცხყოფებზე, სამარცხვინოდ იქცევა და ამოვიდა ყელში უკვე. თუ არ შეწყდება რეგლამენტის დარღვევა, მე ავდგები და დავტოვებ ამ სხდომას, ახლავე დავტოვებ“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
შარმანაშვილის საპასუხოდ, იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, რომ მისი ქცევა უხერხულია.
“რამე თუ არის უხერხული სტუმრებთან, რომლებიც ახლა კომიტეტს ესწრებიან, ბატონი თენგიზის განცხადებაა, რომელიც ამ პარლამენტში დაბერდა და მაინც ჭკუა ვერ ისწავლა, როგორ უნდა მოიქცეს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
სხდომის წამყვანმა, დავით მათიკაშვილმა იაგო ხვიჩიას მიმართა, რომ მისი საქციელი მიუღებელია.
“ბატონო იაგო, გაძლევთ შენიშვნას და მეორე ასეთ შემთხვევაზე გთხოვთ, რომ დატოვოთ დარბაზი. თქვენ შეურაცხყოფა მიაყენეთ ამ ადამიანს და ისეთი სიტყვებით გამოთქვით თქვენი აზრი, რომელიც მიუღებელია. დღეს სტუდენტები ესწრებიან სხდომას, სტუდენტებიც რომ არ ესწრებოდნენ, იმ შემთხვევაშიც მიუღებელია, ყველა შემთხვევაში მიუღებელია და ზრდილობის პრობლემები წესით თქვენ არ უნდა გქონდეთ. სამწუხაროდ, ეს პრობლემები გაქვთ“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.