ჩვენ მიზნად გვაქვს დასახული გამარჯვება და გავიმარჯვებთ, ვაპირებთ 55%-ის აღებას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
“ნაციონალური მოძრაობა“, “გამარჯვების პლატფორმა“ არის ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტი ქართველი ხალხის ხელში, გახდნენ ევროპულო ოჯახის წევრები. ჩვენ მიზნად გვაქვს დასახული გამარჯვება და გავიმარჯვებთ. ვიღაცებს ბევრი რამ არ ეგონათ, ბევრს ჭორაობდნენ და ბევრს ღლიცინებდნენ, მაგრამ რეალობა აბსოლუტურად სხვა დგებოდა. ასე რომ, დაგველოდეთ, ჩვენ გამარჯვებისთვის ვემზადებით.
რაც შეეხება სხვა პარტიების გამსხვილებას, მხოლოდ მივესალმები და ვისაც სჭირდება, შეგვიძლია, შევთავაზოთ ჩვენი ინფრასტრუქტურა, რომ დავიცვათ მოქალაქეების ხმები, თუ არ სჭირდებათ, ღმერთმა გაუმარჯოთ. აგერ პოლიტიკური ველი და ხალხი, ესაუბრონ მათ. ვაპირებთ გამარჯვებას და ვაპირებთ, ავიღოთ არა ხუთი, არამედ 55%. ამიტომ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.
ქართულ საზოგადოებას ვპირდებით, რომ სადამკვირვებლო მისიები იქნება. პარტნიორები დგანან ქართველი ხალხის გვერდით. თქვენ ნახეთ კონკრეტული შეხვედრა, სადაც შვედეთის პარლამენტის ათობით წევრი იყო. მათი ჩართულობა, გრძელვადიანი დაკვირვება უმნიშვნელოვანესია. რაც არ უნდა ილაპარაკონ – არ უნდათ, არ იქნება, აუცილებლად მოუწევთ და იქნება. „რუსული პარტია“ რას აპირებს, არ ვიცი“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა, საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, ეუთო/ოდირს დამკვირვებლების გამოგზავნისთვის მიმართოს. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის მოწვევის ვადები გაწერილია გეგმაში.