კეკელიძის ქუჩაზე ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების დროს დაკავებული ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
“2-3 წუთის მისული ვიყავი, აქციასთან არანაირი საერთო არ მქონია, შიგნით არ ვყოფილვარ, არც არავისთვის ხელი არ შემიშლია. როდესაც მივედი, დაახლოებით 2-3 წუთის შემდეგ, ერთ-ერთი ახალგაზრდის დაკავების პროცესს მივყევი ბოლომდე ვიდრე მას მანქანაში შეტენიდნენ და ვხედავდი პოლიციის თანამშრომლები როგორ ახდენდნენ მასზე ფიზიკურ ზეწოლას. ის წინააღმდეგობას არ უწევდა, მაგრამ მაინც ძალადობდნენ.
დამინახეს, რომ ტელეფონით ვიღებდი ამ ყველაფერს, ერთ-ერთმა პოლიციელმა მკრა ხელი, მიმახეთქა ხეს. როდესაც ვუთხარი, რას აკეთებ, ჟურნალისტი ვარ, რატომ ირტყმევინები-მეთქი, ამის შემდეგ გამწარდნენ, ამ სიტყვების შემდეგ, სხვა არაფერი არ მითქვამს, შემაგდეს პოლიციის მანქანაში, რამდენიმე პოლიციელი დამეხვია, პოლიციის მანქანაში შეტენვის შემდეგ მანქანის იატაკზე დავვარდი, ისეთი ძალით შემაგდეს, სავარძელზე ვერ აღმოვჩნდი. ადგომა ხომ მინდოდა, ეგონათ, რომ წინააღმდეგობას ვუწევდი. ვუთხარი, რომ გავყვებოდი, კიდევ ერთხელ განვუმარტე, რომ ვიყავი ჟურნალისტი, მაგრამ აი ამის შემდეგ იქით მოვითხოვე, რის საფუძველზე დამაკავეს განემარტათ ჩემთვის და ამ დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ, ვცდილობდი რა ჩემი უფლებების დაცვას, იყო 5 პოლიციელი, 1 იჯდა საჭესთან საპატრულო პოლიციის ფორმით, 4 იყო კრიმინალური პოლიციის ფორმაში. ამ ხუთიდან განსაკუთრებით სამი იყო აგრესიული – ერთი უკნიდან ჩამწვდა, თავში და კისერში, მეორე წინიდან, ჩვეულებრივი ველურებივით იქცეოდნენ, მეგონა, რომ მახრჩობდნენ”, – განაცხადა მთივლიშვილმა.