თბილისის საქალაქო სასამართლომ კეკელიძის ქუჩაზე ხმაურიანი გამოსახლების დროს დაკავებულ, მოძრაობა “ხმის” წევრებს – გიორგი ხასაიას და აკაკი ჩიქობავას აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილებით პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რასაც ხმაური და შეძახილები მოჰყვა. დაკავებულთა ახლობლები მათ გათავისუფლებას მოითხოვენ.
პროკურორმა როინ ხინთიბაძემ დღევანდელ პროცესზე განაცხადა, რომ ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული დასტურდება მოწმეების ჩვენებებით და ვიდეო მტკიცებულებებით, საიდანაც ჩანს, როგორ აზიანებენ დაკავებულები აღსრულების ბიუროს ავტომანქანას.
გიორგი ხასაია და აკაკი ჩიქობავა დანაშაულს ნაწილობრივ აღიარებენ. როგორც მათ სასამართლოში განაცხადეს, აღსრულების ბიუროს ავტომანქანის დაზიანებით ცდილობდნენ ყურადღების გადატანას, რომ გამოსახლების პროცესი შეეჩერებინათ.
პროკურორის განმარტებით, დანაშაული მძიმე კატეგორიის არის და 3-დან და 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა 23 იანვარს დააკავეს. ისინი კეკელიძის ქუჩაზე მიმდინარე გამოსახლებას სხვა აქტივისტებთან ერთად აპროტესტებდნენ. აქციაზე საერთო ჯამში 20 ადამიანი დააკავეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ 18 ადმინისტრაციული წესით დააკავეს, ორი – ხასაია და ჩიქობავა სისხლის სამართლის წესით. პოლიცია მათ 187-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ჯგუფურად სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.