საქართველოს პარლამენტმა ახალ პრემიერსა და მთავრობის შემადგენლობას ნდობა პრემიერისთვის უფლებამოსილების შეწყვეტიდან ორი კვირის ვადაში უნდა გამოუცხადოს.
კერძოდ, პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტი საქართველოს მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან ან უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტიდან ორი კვირის ვადაში ნდობას უცხადებს პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ საქართველოს მთავრობას.
საქართველოს მთავრობის შემადგენლობასთან ერთად, პარლამენტს წარედგინება სამთავრობო პროგრამა.
პარლამენტს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა უნდა წარედგინოს საქართველოს მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან ან საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან, ან უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტიდან არაუგვიანეს მე-9 დღისა.
რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტის ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა.
თუ საქართველოს მთავრობამ საქართველოს კონსტიტუციის 56-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში ვერ მიიღო ნდობა, პარლამენტი ამ ვადის ამოწურვიდან 2 კვირის ვადაში, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ამ მუხლით დადგენილი წესით, ნდობას გამოუცხადებს პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთ მესამედზე მეტის მიერ წამოყენებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ საქართველოს მთავრობას.
ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. ღარიბაშვილის თქმით, პოლიტსაბჭოსგან მიიღო შეთავაზება, დაიკავოს პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა და ამასთან დაკავშირებით ყრილობა გაიმართება პირველ თებერვალს.
გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილს ირაკლი კობახიძე შეცვლის.