პრეზიდენტ ზურაბიშვილთან მიმართებით ყველა, საჯარო თუ არასაჯარო კომუნიკაციაში, “ნაციონალური მოძრაობისთვის“ყველაზე მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური საკითხი, პრეზიდენტ სააკაშვილის შეწყალებაა, – ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
ბოკუჩავა მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია საერთო ოპოზიციური ძალისხმევა ივანიშვილის ხელისუფლების შესაცვლელად.
“პრეზიდენტ ზურაბიშვილთან მიმართებით ყველა, საჯარო თუ არასაჯარო კომუნიკაციაში, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ყველაზე მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური საკითხი, პრეზიდენტ სააკაშვილის შეწყალებაა, რადგან ვთვლით, რომ ეს არის ისტორიული უსამართლობა და ამის დასრულების კონსტიტუციური ბერკეტი აქვს პრეზიდენტ ზურაბიშვილს, რომელიც ქვეყნის ეროვნულ და ევროპულ ინტერესში უნდა გამოიყენოს. არ არის აუცილებელი ფორმალური და ხელოვნური გაერთიანება ერთი ბლოკის ქვეშ ან კოალიციაში.
მნიშვნელოვანია საერთო ოპოზიციური ძალისხმევა ივანიშვილის ხელისუფლების შესაცვლელად. ეს გვესმის ყველას და ამაზე პრეზიდენტმა ზურაბიშვილმაც ძალიან ღიად ისაუბრა – ვფიქრობ, ყველაზე ღიად და მკაფიოდ მის ყველა სხვა გამოსვლასთან შედარებით, როდესაც მან თქვა, რომ ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობა უნდა ჩანაცვლდეს ევროპული და სავარაუდოდ, კოალიციური მმართველობის მოდელით და ამას მოელის ევროკავშირი. ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანი განაცხადია“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.