ყველაფერს აქვს თავისი მნიშვნელობა, ყველა ნაბიჯს, ყველა ხელმოწერას, ყველა მიმართვას იქნება ეს დე ფაქტო პრეზიდენტისადმი, რომელიც დასვა თვითონ “ქართულმა ოცნებამ”. ზურაბიშვილი ვალდებულია ირეაგიროს, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ზურაბიშვილი ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით არ უნდა შემოიფარგლოს.
“სიმბოლურად ვართ ამ დიდ გზაზე გორში შეკრებილები. ქართლის შუაგულში, რომელმაც ყველაზე მეტად განიცადა ის სიმძიმე, რასაც ნეოიმპერიალისტურ ძალებთან დაპირისპირება და სამშობლოსთვის ბრძოლა ჰქვია, რომლის სიმბოლო არის მიხეილ სააკაშვილი. რატომაც ზის ის დღეს ციხეში, რატომაც არის პუტინის პატიმარი და რატომაც არის მიხეილ სააკაშვილი მთავარი მებრძოლი არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს აღმოსავლეთ ევროპაში. ჩვენი სამშობლოს ყველა პატრიოტის ვალია იყოს მიხეილ სააკაშვილის გვერდით. სწორედ მიშა არის ის ადამიანი, რომელმაც საქართველოს გაუხსნა გზა ევროკავშირში.
ევროკავშირი ნატოსთან ერთად არის საქართველოს უკეთესი მომავლის გზა, ჩვენი ხალხის დასაქმების გზა, ჩვენი დევნილების, ემიგრაციის საქართველოში დაბრუნების გზა. ეს არის ის, რის გამოც დღეს სააკაშვილი ზის ციხეში, რის გამოც მას პუტინი დაუპირისპირდა. ყველაფერს აქვს თავისი მნიშვნელობა, ყველა ნაბიჯს, ყველა ხელმოწერას, ყველა მიმართვას იქნება ეს დე ფაქტო პრეზიდენტისადმი, რომელიც დასვა თვითონ “ქართულმა ოცნებამ” და ახლა მასთან არის დაპირისპირებული, თუ ევროკავშირის, პრეზიდენტების მიმართვა, ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელიც ამ რეჟიმის მთავარი ადამიანებისთვის ჩალის ფასია, ჩვენთვის არ არის ჩალის ფასი ევროკავშირი, ევროპარლამენტის გადაწყვეტილებები და რეზოლუცია.
ზურაბიშვილი ვალდებულია ირეაგიროს. მისი მოვალეობაა სააკაშვილი გაათავისუფლოს, რადგან თუ მისი სიტყვები არ არის ბრტყელ-ბრტყელი სიტყვები და თუ ის მართლა მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას, ევროკავშირში ვერ გავწევრიანდებით პოლიტიკური პატიმრებით, მით უმეტეს ისეთი პოლიტიკური პატიმრით, როგორიც არის მიხეილ სააკაშვილი”, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.