საქართველოსა და გერმანიას მჭიდრო თანამშრომლობა და პარტნიორობა აკავშირებთ, რომლებიც საერთო ღირებულებებს ეფუძნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გერმანია განსაკუთრებულ როლს ასრულებს საქართველოს უმნიშვნელოვანესი საგარეო პოლიტიკური მიზნების შესრულებაში.
“ძალიან სასიხარულოა, ბერლინში ყოფნის შესაძლებლობა რომ მაქვს და პრემიერ-მინისტრის რანგში შემიძლია, გერმანიაში ვიყო. ძალიან დიდი მადლობას გიხდით ფედერალურო კანცლერო, მოწვევისთვის და გულითადი მასპინძლობისთვის. 1990-იანი წლებიდან მოყოლებული გერმანიამ უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენასა და მის სახელმწიფოებრივ განვითარებაში. განსაკუთრებული როლი ითამაშა გერმანიამ ასევე ჩვენი ახალგაზრდების მხარდაჭერაში, მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, განათლება მიეღოთ და გაეღრმავებინათ გერმანიაში, ასევე იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. როგორც მე, იუსტიციის მინისტრმა, ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და მთელმა რიგმა პოლიტიკოსებმა განათლება მიიღეს გერმანიაში და აქვე დაიცვეს აკადემიური ხარისხი. ჩვენ გერმანიაში ვისწავლეთ, რომ სამართლებრივი სახელმწიფოებრიობა, დემოკრატია არის უზენაესი ძირითადი პრინციპები, რომლებიც დაცვას საჭიროებს და რომლებმაც უნდა განსაზღვრონ ჩვენი სამომავლო განვითარება. ჩვენ მადლიერი ვართ გერმანელი ხალხისა და გერმანიის სახელმწიფოსი მისი ღირებული მხარდაჭერისთვის. ამ კონტექსტში შემთხვევითი არ არის, რომ ბერლინი არის პირველი ევროპული სახელმწიფო ბრიუსელის შემდეგ, რომელსაც მე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში ვსტუმრობ.
საქართველოსა და გერმანიას მჭიდრო თანამშრომლობა და პარტნიორობა აკავშირებთ, რომლებიც საერთო ღირებულებებს ეფუძნება. ჩვენ დიდი მნიშვნელობას ვანიჭებთ ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას. გერმანია განსაკუთრებულ როლს ასრულებს საქართველოს უმნიშვნელოვანესი საგარეო პოლიტიკური მიზნების შესრულებაში და ჩვენი შეხვედრის დროს მადლობა გადავუხადე ფედერალურ კანცლერს მისი პრაქტიკული და პოლიტიკური მხარდაჭერისთვის, რომელიც გერმანიამ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ისტორიულ მომენტში გაუწია, რაც გასული წლის დეკემბერში აისახა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.