spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბენ კარდინი – ჩვენ უნდა გადავხედოთ ურთიერთობებს, ის არასწორი მიმართულებით ვითარდება

ჩვენ ძალიან კარგად დავაკვირდებით და განვიხილავთ საქართველოში შექმნილ სიტუაციას როგორც კონგრესის ორივე პალატაში, ისე ბაიდენის ადმინისტრაციაში, – ამის შესახებ სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, სენატორმა ბენ კარდინმა “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში განაცხადა.

 

“საქართველოს ეს ნაბიჯი ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გადახედვის მიზეზია. ჩვენ უნდა გადავხედოთ ურთიერთობებს – ის არასწორი მიმართულებით ვითარდება, ესაა ის, რაც არ უნდა მოხდეს და რაც ქართველ ხალხს არ სურს. სენატორი შაჰინი და სენატორი რიში ამ კანონმდებლობაზე მუშაობენ. მე მათთან ერთად ვმუშაობ საგარეო საქმეთა კომიტეტში, რომლის თავმჯდომარეც ვარ და ნამდვილად განვიხილავთ იმას, რისი გაკეთების შესაძლებლობა გვაქვს.

 

მე ასევე შევხვდი ჩემს კოლეგებს და ვმუშაობ მათთან ერთად ევროპის სხვადასხვა პარლამენტში და რეგიონის მასშტაბით, რომლებმაც ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, რომ [“უცხოეთის აგენტების” კანონი] მიუღებელია დემოკრატიული სახელმწიფოსთვის. ასე რომ, ამ ქმედებას შედეგები მოჰყვება. ჩვენ ძალიან კარგად დავაკვირდებით და განვიხილავთ [საქართველოში შექმნილ სიტუაციას] როგორც კონგრესის ორივე პალატაში, ისე ბაიდენის ადმინისტრაციაში. არ არსებობს [უთანხმოება] იმაზე, რომ ეს არასწორია, ეს უნდა შეიცვალოს – საქართველოს მომავალი რუსეთში არაა, საქართველოს მომავალი დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და ევროპაშია.

 

ჩვენი ქმედებები მიმართულია დამოუკიდებელი საქართველოსკენ – საქართველოსკენ, რომელსაც შეუძლია ევროპულ საზოგადოებაში ინტეგრაცია და სამომავლოდ დემოკრატიული ინსტიტუტების დაცვა. გვინდა, რომ მათი პარტნიორები ვიყოთ. ვიყავით კიდეც მათი პარტნიორები და ურთიერთობების გაღრმავება გვსურს. მაგრამ ეს ვერ მოხდება, თუ ისინი [საქართველოს მთავრობა] ისეთ ქმედებებს ჩაიდენენ, რაც ქვეყანაში შეზღუდავს სიტყვის თავისუფლად გამოხატვას, დამოუკიდებელი ჟურნალისტების საქმიანობას, რაც შეუზღუდავს საზოგადოებას თავიანთი ხმის დაფიქსირებას ქვეყნის პოლიტიკასთან მიმართებით – ეს ყველაფერი საფრთხის ქვეშაა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებების გამო და ის მიჰყვება ბატონი პუტინის რუსეთის მაგალითს.

 

ჩვენ არ ვცდილობთ ქვეყნებს ვუთხრათ, რა უნდა გააკეთონ. ყველა ქვეყანამ საკუთარი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. დემოკრატიებს, დემოკრატიულ ინსტიტუტებს, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, ჩვენ ამას მხარს ვუჭერთ და ესაა ის პირობები, რაც საქართველომ დადო, ამერიკამ დადო. ჩვენ საერთაშორისო ორგანიზაციებში ვართ გაწევრიანებული, რომლებიც მხარს უჭერენ ხალხის ნებას, მიიღონ საკუთარი გადაწყვეტილებები. ჩვენ არცერთ ქვეყანას არ მოვუწოდებთ, რა გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ ქვეყნის შიგნით, მაგრამ ჩვენ კომენტარს გავაკეთებთ თუ ვიფიქრებთ, რომ ისინი იმ მიმართულებით მიდიან, რაც იმ ღირებულებების საწინააღმდეგოა, რისიც ჩვენ ყველას გვჯერა.

 

ვფიქრობთ, რომ საქართველოს ვეხმარებით, ვეძებთ კონსტრუქციულ გზას ამის გასაკეთებლად. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს გვერდით იდგა განსაკუთრებულად რთულ პერიოდებში. ჩვენ საქართველოს თავისუფალ და სამართლიან საარჩევნო პროცესსა და დემოკრატიაში ინვესტიცია ჩავდეთ”, – განაცხადა ბენ კარდინმა.

 

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები