საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში კენჭისყრა დასრულდა. ეგზიტპოლის შედეგების საფუძველზე, პირველ ტურში ულტრამემარჯვენე პარტია “ეროვნული გაერთიანება” იმარჯვებს.
Ifop-ის შედეგებით, პარტია “ეროვნულ გაერთიანებას”, რომლის ლიდერი პრორუსი მარინ ლე პენია, 34,2%-იანი მხარდაჭერა აქვს, მეორე ადგილზეა “სახალხო ფრონტი” 29,1%-ით, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ცენტრისტული ალიანსი კი მესამე ადგილზე 21,5%-ით.
Elabe-ის მიერ BFMTV, RMC და La Tribune-სთვის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებით კი “ეროვნულ გაერთიანებას” 33%-ზე ნაკლები აქვს, “სახალხო ფრონტმა” მიიღო – 28,5%, მაკრონის კოალიციამ კი – 22%.
საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში 21-ე საუკუნეში ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა და 69,7% შეადგინა.
თუ “ეროვნული გაერთიანება” მეორე ტურში იგივე მხარდაჭერას მიიღებს, საფრანგეთის პარლამენტში უმრავლესობა ექნება.
საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 7 ივლისს ჩატარდება.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ევროპარლამენტის არჩევნების წინასწარი შედეგების შემდეგ საფრანგეთის პარლამენტი დაითხოვა.