ჩვენ ყოველთვის წითელი ხაზი უნდა გავავლოთ, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებით არ დაისაჯონ ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის მიხედვითაც, აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვის ფარგლებში, საქართველოში “ღირსეული პარტნიორის” სწავლებას აშშ განუსაზღვრელი ვადით გადადებს.
ბურჭულაძის თქმით, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები წლების განმავლობაში იცავდნენ მსოფლიო მშვიდობას.
“მინდა, ჩვენს პარტნიორებს, ვთხოვო ყველას, ვინც ასეთ საკითხებზე იღებს გადაწყვეტილებას, გასაგებია, რომ ამ მასშტაბის ღონისძიება არ არის მხოლოდ სამხედრო ღონისძიება, ეს არის სამხედრო-პოლიტიკური ღონისძიება, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები ათეულობით წლების განმავლობაში იცავდნენ არა მხოლოდ იმ ქვეყნებს, რომლებიც დღეს ნატოს წევრები არიან, არამედ მსოფლიო მშვიდობას. ჩვენ ყოველთვის წითელი ხაზი უნდა გავავლოთ, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებით არ დაისაჯონ ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები“, – განაცხადა ბურჭულაძემ.