ჩვენთვის გაუგებარია გადაწყვეტილება, რომელიც “ღირსეული პარტნიორის“ გაურკვეველი ვადით გადადებას უკავშირდება, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ჩიქოვანის თქმით, საერთაშორისო სწავლებები სასარგებლო ღონისძიებაა, როგორც ქართული თავდაცვის ძალებისთვის, ასევე ამერიკის შეიარაღებული ძალებისთვის.
“თავდაცვის სამინისტროს და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს გვაქვს ძალიან ბევრი სხვადასხვა თანამშრომლობის ფორმატი, სადაც ინტენსიურად ვმუშაობთ, ვთანამშრომლობთ და ეს თანამშრომლობა გრძელდება. საერთაშორისო სწავლებები, მათ შორის, სწავლებები, რომელშიც მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის ქვედანაყოფები, არის სასარგებლო ღონისძიება, როგორც ქართული თავდაცვის ძალებისთვის, ასევე ამერიკის შეიარაღებული ძალებისთვის და ასევე ყველა იმ სახელმწიფოს წარმომადგენლისთვის, რომელიც ამ წვრთნებში მონაწილეობს. აქედან გამომდინარე ჩვენ ვაგრძელებთ და ასევე ვემზადებით წვრთნებისთვის, რომელიც 2025 წელს გვაქვს დაგეგმილი“, – განაცხადა ჩიქოვანმა.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა გუშინ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვის ფარგლებში, საქართველოში „ღირსეული პარტნიორის“ სწავლებას აშშ განუსაზღვრელი ვადით გადადებს.