საქართველოსთან ჩვენი თანამშრომლობის დიდი ნაწილი ამჟამად გადახედვის პროცესშია, მათ შორის, “ღირსეული პარტნიორის” წვრთნები და სხვა ჩართულობები, რაც ჩვენ გვაქვს საქართველოს მთავრობასთან, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების ხელმძღვანელმა მაიკ კარპენტერმა განაცხადა.
კარპენტერის თქმით, თეთრ სახლში ხედავენ, რომ საქართველოს მთავრობამ საგარეო კურსი იცვალა.
“ცხადია, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა არასწორი მიმართულებით წავიდა ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივის თვალსაზრისით. ჩვენ დიდი ხანია, მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 60-ზე მეტ რაუნდში, საქართველოს მხარდასაჭერად და შესაბამისად, იმის ხილვა, რომ ქვეყანა დასავლურ ღირებულებებთან შეუსაბამო გადაწყვეტილებებს იღებს, შეშფოთებას და გულისწყვეტას იწვევს.
გულწრფელად რომ ვთქვათ, როდესაც ვხედავთ სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებას, როდესაც ვხედავთ მიღებულ კანონებს, რომლებიც ზღუდავს სივრცეს საქართველოში ფუნდამენტური თავისუფლებებისთვის, ეს არ არის თავსებადი იმ ღირებულებებთან, რომლებსაც ნატოს ალიანსი ემყარება. ასევე, არ მიგვაჩნია, რომ ის თავსებადია ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან, მათ შორის ევროკავშირთან. ასე რომ, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ვიხილავთ მიმართულების, სტრატეგიული მიმართულების ცვლილებას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან”, – განაცხადა კარპენტერმა.
მისივე თქმით, იქამდე, სანამ საქართველო არ დაუბრუნდება დემოკრატიულ გზას და დასავლური სტანდარტების ნაბიჯებს არ გადადგამს, ამერიკის ყველა პროგრამა საქართველოსთან გადახედვის პროცესშია.