მგონია, რომ “ლელოს” ფული ისეთია, რომ თავიდან მოანდომებს გიორგი გახარიას და ყველაფერი კარგად დასრულდება, – ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ გახარია-ხაზარაძის ჩაშლილ ერთობასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, მთელი ეს სიუჟეტი მძლავრი მელოდრამის სცენარით განვითარდა.
“თავიდან გიორგი გახარია აქტიურობდა და “ლელოსთან” უნდოდა, “ლელომ”, როგორც სჩვევია, თავი შორს დაიჭირა, “უი, როგორ გეკადრებათო” . მერე საქმეში პრეზიდენტი ჩაება და ნელ-ნელა “ლელოც” მოლბა, მაგრამ ამ პერიოდში გახარიას “გადაუნდა“ და “ლელოს” მოუნდა. ახლა ამ პროცესში ვართ, მაგრამ მგონია, რომ “ლელოს” ფული ისეთია, რომ თავიდან მოანდომებს გიორგი გახარიას და ყველაფერი კარგად დასრულდება”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
გახარია-ხაზარაძის ერთობა ვერ შედგა. 16 სექტემბერს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხაზარაძე და გახარია წინასაარჩევნოდ გაერთიანებაზე მოლაპარაკებების საბოლოო ეტაპის გასამართად ორბელიანების სასახლეში მიიწვია. შეხვედრები შედგა, გაიმართა მოლაპარაკებებიც, თუმცა მხარეებმა გუშინ განაცხადეს, რომ გაერთიანება ვერ მოხერხდა.