კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე გიორგი გახარიას პასუხობს და აღნიშნავს, რომ მის მიერ დასახელებული 3 პირობა – ნეიტრალური პლატფორმა, პარიტეტული პრინციპი, კოალიციის დაუშვებლობა “ოცნებასთან” და “ნაციონალურ მოძრაობასთან”, ტექნიკურად და სამართლებრივად შეუძლებელია.
როგორც ხაზარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, გახარიას მიერ მოლაპარაკებების ჩაშლის მიზეზად კოალიციის წევრის ლევან ცუცქირიძის განცხადების დასახელებამ, ვითარება ააყირავა.
“ჩვენ გვქონდა საკმაოდ საინტერესო პირისპირ შეხვედრა – გავცვალეთ აზრები და ჩამოვაყალიბეთ მოქმედების გეგმა, პუნქტები, რომლებიც ითვალისწინებდა თანამშრომლობას, და იმ პრინციპებზე დაყრდნობილ ხელშეკრულებას, რომელიც ამ ქვეყანას მოუტანდა ძალიან ძლიერ ალტერნატივას და “ქართულ ოცნებას” ჩამოაშორებდა ხელისუფლებიდან. ზუსტად 9 პუნქტი იქნა ჩამოყალიბებული და ინტენსიური მოლაპარაკების შედეგად გუშინწინ ამ პუნქტებზე შევთანხმდით, პრაგმატული მოსაზრებიდან გამომდინარე… იმის გათვალისწინებით რომ არჩევნებამდე დრო არ არის. შევთანხმდით რომ აგვეღო ბაზად ნომერი 9, შევთანხმდით რომ ყოფილიყო პარიტეტული მმართველობა, ასევე პარიტეტული წარმომადგენლობა სიაში. შესაბამისად გუშინწინ პრეზიდენტის სასახლე დავტოვეთ იმ შეგრძნებით, რომ მეორე დღეს ანუ გუშინ, ჩვენ უკვე სია უნდა მიგვეტანა პრეზიდენტთან და საზოგადოებისთვისაც გაგვეცნო თუ ვინ იქნებოდა პირველი ოცეული. ყველაზე დიდი არგუმენტი, რომელმაც ააყირავა მოლაპარაკება იყო ბატონი ცუცქირიძის დილის ინტერვიუ.
ჩვენ თუ გვინდა შევცვალოთ ხელისუფლება, მაშინ უნდა მივეჩვიოთ, რომ კოალიციურ პარტნიორებს აზრის გამოთქმის უფლება აქვთ.
დღეს გახარიამ თქვა, რომ წერტილი დაესვა მოლაპარაკებას. მან თქვა აბსოლუტურად ახალი პირობები, რომელიც ტექნიკურად, სამართლებრივად და უამრავი სხვა პირობების გათვალისწინებით, შეუძლებელია. ეს ნიშნავს, რომ პარტიები კოალიციაში უნდა ჩამოშორდეს კამპანიას, რადგან 30 დღის განმავლობაში რაიმე კამპანიას, რაიმე ნომრის, სიის ან ტექნიკური საშუალებების მომზადება, მისი განთავსება და ასე შემდეგ”, – განაცხადა ხაზარაძემ.