კოალიცია “ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ რიყეზე მიმდინარე შეხვედრის დროს, ახალგაზრდებს მიმართა.
მისი თქმით, დამოუკიდებლობის 30-წლიანი ისტორიის მანძილზე ყველა თაობამ შეძლო სახელმწიფოსთვის სხვადასხვა წარმატების მოტანა და ახლა, ახალი თაობის გადასაწყვეტი და გასაკეთებელია ქვეყნის სამშვიდობოს გაყვანა.
“როდესაც დამოუკიდებელ ქვეყანაში იბადები, იმის გააზრება, თუ რას ნიშნავს, როდესაც შენ სხვა ქვეყნის მიერ ხარ ანექსირებული და არ გაქვს საკუთარი სახელმწიფო, ხშირად რთული წარმოსადგენია ხოლმე, გგონია, რომ ეს ყველაფერი თავისით მოვიდა და სულ ასე იყო. ამ უკანასკნელი წლების განმავლობაში არამარტო დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, ბევრი რაღაც შევძელით. შევძელით ის, რომ რუსეთის ჯარები გავიყვანეთ აქედან, ბაქო-ჯეიჰანი შევძელით, შევძელით ის, რომ დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან და ნატოსთან, ასოცირების ხელშეკრულება გვაქვს, კანდიდატის სტატუსი გვაქვს, უვიზო გვაქვს, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ნატოსთან ვართ დაახლოებული, თუმცა ბოლო პერიოდში ეს ყველაფერი წყალში იყრება და საფრთხის ქვეშ დგება.
ჩვენმა უფროსმა თაობამ, ჩვენმა თაობებმა ეს ქვეყანა მოიყვანა აქამდე, სადამდეც ვართ, მაგრამ პრობლემა არის იმაში, ჩვენდა საუბედუროდ, რომ ჩვენმა უფროსმა თაობამ და ვერც ჩვენმა თაობამ ერთი მნიშვნელოვანი რამე ვერ შეძლო – მმართველობის სისტემა ამ ქვეყანაში ვერ შევცვალეთ ისე, რომ ვერასოდეს ვეღარავინ ვეღარ შეძლოს ერთ ხელში ძალაუფლების კონცენტრაცია და მერე ხელისუფლებიდან წასვლის სურვილის არქონა. ამ პრობლემას დაემატა მეორე პრობლემა, კონკრეტულად “ოცნების” შემთხვევაში, რომ მართვის სისტემა ხელში ჩაიგდეს რუსებმა და ქვეყანას მართავენ რუსები და გვაკარგვინებენ ყველაფერს და ქვეყანას მიათრევენ რუსეთისკენ.
მე მჯერა იმ ახალგაზრდების რომლებიც შარშანაც და წელსაც გაზაფხულზე იყვნენ ქუჩაში გამოსულები. მე მჯერა, რომ მაგ ახალგაზრდების გამჩერებელი ძალა არ არსებობს რამდენი რობოკოპიც არ უნდა მოამზადონ, რამდენი ცრემლსადენი გაზიც არ უნდა გაუშვან. თქვენ უნდა მოინდომოთ, თქვენი გასაკეთებელია. სამწუხარო ამბავია, ჩვენ თაობას, რომ მოესწრო ეს და კიდე უფრო უკეთესი ქვეყანა დაეტოვებინა, სადაც სასამართლო სასამართლო იქნებოდა და არჩევნები არჩევნები, ნაკლები პრობლემები დაგხვდებოდათ, მაგრამ სამწუხაროდ, თქვენი გასაკეთებელიც არის ახლა ჩვენთან ერთად და თუ მოინდომებთ, თქვენი გამჩერებელი არავინ არ არის, არ არსებობს სამყაროში ძალა, რომელიც დაგიდგებათ წინ, თქვენ შეუძლებელია ვინმემ გაგაჩეროთ, ამიტომ 26 ოქტომბერს თქვენ გაიმარჯვებთ და მერე შევცვლით ამ ქვეყანას და 5-6 წელიწადში ეს ქვეყანა აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი, დიდი იმედი მაქვს, რომ ნატოს წევრიც და თქვენ გექნებათ ჯიბეში პასპორტი, რომელიც გაგიხსნით ყველა კარს”, – განაცხადა ჯაფარიძემ.