უკრაინული ძალები რუსეთის არსენალს საკუთარი წარმოების იარაღით ანადგურებენ, საუბარია ტვერის და კრასნოდარის ოლქის საწყობებზე თავდასხმებზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ზუსტი დარტყმები ფუნდამენტურად ცვლის ვითარებას და ომს “რუსეთში აბრუნებს”.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ტიხორეცკის საწყობი ოკუპანტებისთვის მნიშვნელოვანი იყო. რაც შეეხება ბაზას ტვერის ოლქში, მახლობლად, იქ იყო ტაქტიკური რაკეტების და მართვადი ბომბების შესანახი საშუალებები.
“…ყველაფერი, რასაც რუსეთი იყენებს ტერორისთვის ჩვენი ქალაქების, ჩვენი პოზიციების წინააღმდეგ. და მინდა ხაზგასმით აღვნიშნო: ჩვენ ამას ვაკეთებთ ჩვენი შესაძლებლობების, ჩვენი იარაღის წყალობით – იმ საშუალებების გარეშე, რაც პარტნიორებს შეუძლიათ უზრუნველყონ, რამაც შეიძლება მნიშვნელოვნად დააჩქაროს ომის დასრულება რუსული შეტევითი პოტენციალის განადგურების წყალობით“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, თუ პარტნიორები უკრაინას შორ მანძილზე დარტყმის ნებართვას და საკმარის რაკეტებს მიაწვდიან, სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდებოდა და ეს საკითხები იქნება განხილული მომავალ კვირას შეერთებულ შტატებში მოკავშირეებთან შეხვედრების დროს.
უკრაინულმა დრონებმა დღეს კიდევ ორ რუსულ არსენალს შეუტიეს. როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, ტიხორეცკის ბაზა იყო საბრძოლო მასალის სამი უმსხვილესი საწყობიდან ერთ-ერთი მთავარი რუსული ჯარების ლოგისტიკურ სისტემაში. დარტყმის დროს, არსენალის ტერიტორიაზე იყო კიდევ ერთი ეშელონი, რომელმაც მინიმუმ 2000 ტონა საბრძოლო მასალა მიიტანა.
კიდევ ერთი თავდასხმა 23-ე არსენალზე, ტვერის ოლქში განხორციელდა, სადაც არსებული ინფორმაციით, საარტილერიო და სარაკეტო იარაღი ინახებოდა.
ღამის თავდასხმის კიდევ ერთი სამიზნე იყო შაიკოვკას სამხედრო აეროდრომი კალუგის ოლქში, სადაც ტუ-22მ სტრატეგიული საავიაციო თვითმფრინავებია განლაგებული, რომელიც რეგულარულად უშვებს ფრთოსან რაკეტებს უკრაინაში.