რუსეთი არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს მეორე გლობალურ სამშვიდობო სამიტში, რომლის მასპინძლობაც უკრაინას სურს ამ შემოდგომაზე, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა.
“რუსეთის წარმომადგენლებს “ბიურგენშტოკის პროცესის” ფარგლებში არანაირ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღიათ და არც აპირებენ. ამ პროცესს დარეგულირებასთან საერთო არაფერი აქვს. ეს არის ანგლოსაქსების და მათი უკრაინელი მარიონეტების თაღლითობის კიდევ ერთი გამოვლინება“, – განაცხადა ზახაროვამ.
ზახაროვას თქმით, მშვიდობის მეორე სამიტი მიზნად ისახავს “ზელენსკის აბსოლუტურად შეუსაბამო ფორმულის გატანას”, რათა მსოფლიოს უმრავლესობამ მხარი დაუჭიროს მას.
“ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას ასეთ სამიტებში, მაგრამ უარს არ ვამბობთ კრიზისის პოლიტიკურ და დიპლომატიურ მოგვარებაზე. მზად ვართ განვიხილოთ სერიოზული წინადადებები, რომლებიც ითვალისწინებს ადგილზე არსებულ ვითარებას, გეოპოლიტიკურ რეალობებს და შესაბამის ინიციატივას, რომელიც პრეზიდენტმა პუტინმა 14 ივნისს ჩამოაყალიბა“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა.
ამავდროულად, ზახაროვამ დაადანაშაულა უკრაინა და დასავლეთი ომის გაგრძელების სურვილში, რასაც მისი აზრით, “ადასტურებს “უკრაინის შეიარაღებული ძალების ბანდიტური შეჭრა კურსკის ოლქში” და “ზელენსკის მოთხოვნა რუსეთის სიღრმეში დარტყმის ნებართვის შესახებ”.
“ეს არის ტერორის გაგრძელება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის წინააღმდეგ, ჩვენ არ ვისაუბრებთ ტერორისტებთან“, – განაცხადა ზახაროვამ.