მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს, ამ ქვეყანას და საკუთარ თავს, სწორედ ამის მაგალითია ღვთისმშობელი. თუ ადამიანი საკუთარ თავს არ სცემს პატივს, სხვასაც არ გაითვალისწინებს, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა ქადაგებისას განაცხადა.
მისივე თქმით, ადამიანების ერთ-ერთი მთავარი ღირსება მადლიერების განცდაა და “არაფერი ისე არ მიგვამსგავსებს უფალს, როგორც გულწრფელი მადლიერება”.
“დღეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღეა კაცთა მოდგმის გადარჩენის კონტექსტში, რადგან დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულია და ადამიანის გამოხსნა იწყება სწორედ ღვთისმშობლის შობით. ადამიანი ღმერთის შემოქმედების გვირგვინია და მას, როგორც ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილ არსებას არაფერი ისე არ მიმსგავსებს უფალს, როგორც გულწრფელი მადლიერება. როდესაც ვსაუბრობთ დედა ღვთისმშობელზე ჩვენ გვწამს, რომ ის არის დედა იესოსი და გვწამს, რომ იესო არის ძე ღვთისა, რომელიც ჩვენთვის მოვიდა ქვეყნად.
ღვთისმშობელმა მარიამმა იტვირთა საოცარი მისია, რომლის ღირსიც უფალმა გახადა, რადგან მას ჰქონდა დიდი რწმენა და განუზომელი სიყვარული ღვთის მიმართ.
ღვთისმშობელი ქვეყნიერებას იოაკინესა და ანასგან მოევლინა და მათ ქრისტიანულ სამყარო მოიხსენიებს, როგორც „მართალთ“. ისინი უფლის წინაშე მართალნი იყვნენ, მართალი ცხოვრებით ცხოვრობდნენ და უდიდესი სიყვარული ჰქონდათ გულში. ლოცვითა და რწმენით შეეძინებათ მარიამი და სულ ცოტა ხანში ტაძარს მიაბარებენ, რადგან მადლის წიაღში გაიზარდოს. დიდი ძალა სჭირდება ნათქვამი ფიცის ასრულებას. ჭეშმარიტი ქრისტიანის სიტყვას ფიცის ძალა აქვს და გონება იმისთვის გვაქვს, რომ გავარჩიოთ სად კი ვთქვათ და სად არა. არასოდეს შეურაცხყოთ ადამიანის ღირსება, რადგან ადამიანები ჩვენი დები და ძმები არიან და პატივი უნდა ვცეთ მათ. ვინც ვის რას უკეთებს, საბოლოოდ მაინც თავის თავს უკეთებს. ჩვენი ვალია, გული და გონება სიკეთით გვქონდეს აღვსილი. საქართველო მოგეხსენებათ, ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და უამრავი ტაძარია ღვთისმშობლის სახელზე აგებული, ეს მიუთითებს წინაპრების დიდ პატივისცემას და ჩვენც ძალიან უნდა დავაფასოთ და გავუფრთხილდეთ ამ ყველაფერს.
დედა ღვთისმშობელი ყველას დედაა და როდესაც ადამიანი მეორეს დედას შეურაცხყოფს, ის ღვთისმშობელსაც შეურაცხყოფს. ადამიანებმა უარი უნდა თქვან ისეთ რაღაცებზე, რაც მათ ხელს უშლის სასუფევლამდე მისვლაში, მორწმუნე თუ ხარ და ყელით ჯვარს ატარებ, შენი ბაგიდან სიბილწე არ უნდა ისმოდეს.
მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს, ამ ქვეყანას და საკუთარ თავს, სწორედ ამის მაგალითია ღვთისმშობელი. თუ ადამიანი საკუთარ თავს არ სცემს პატივს, ის სხვასაც ვერ გაუკეთებს იმავეს.
ძველი ეკლესიის მამების თქმით, ღვთისმშობელი არის მეორე ევა და თუ ერთი დედაკაცისგან შემოვიდა სიკვდილი მეორისგან შემოვიდა სიცოცხლე. ტაძარშიც დედაკაცები ჭარბობენ, ოჯახშიც კერიას ათბობენ და უამრავი რამ არის დამოკიდებული ქალებზე. მათ უდიდესი მისია აქვთ სამყაროში, რადგან ატარებენ დედა ღვთისმშობლის ხატს.
ყოველი დღის ბოლოს უნდა გავიხსენოთ, იმ დღეს ვის რა ვარგეთ და რა სიკეთე გავაკეთეთ. ქრისტიანად რომ ვიწოდებით, ქრისტეს სახელს უნდა განვაგებდეთ“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.
21 სექტემბერს ქრისტიანული სამყარო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს.