ივანიშვილის სანქციები საფრთხის ქვეშ აყენებს არამარტო მის ფინანსურ აქტივებს, არამედ მთელ ფინანსურ სისტემას საქართველოში, რადგან თუკი ნებისმიერი კერძო ბანკი გაბედავს სანქციებისთვის გვერდის ავლას, მთელი საბანკო სისტემა ჩამოიშლება, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისი თქმით, საფრთხის წინაშე დადგება ადამიანების დანაზოგი, ანგარიშები და საერთაშორისო გზავნილები, რითაც სულდგმულობს ძალიან ბევრი ქართული ოჯახი.
“ივანიშვილის სანქციები საფრთხის ქვეშ აყენებს არამარტო მის ფინანსურ აქტივებს, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში 1 მილიარდით გაიზარდა საქართველოს მოქალაქეების ხარჯზე, არამედ მთელ ფინანსურ სისტემას საქართველოში, რადგან ნებისმიერმა კერძო ბანკმა რომ დაარღვიოს სანქციების სისტემა ივანიშვილის დასაცავად, როგორც ეს, მაგალითად, ეროვნულმა ბანკმა გააკეთა ფარცხალაძესთან მიმართებით, ჩამოინგრევა მთელი საბანკო სისტემა, საფრთხის წინაშე დადგება ადამიანების დანაზოგი, ანგარიშები და საერთაშორისო გზავნილები, რითაც სულდგმულობს ძალიან ბევრი ქართული ოჯახი”, – განაცხადა ბოკუჩავამ.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, “ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები შეიმუშავა და მის უახლოეს მომავალში დაწესებას განიხილავს.