თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ გადაწყვეტილებები იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი პოლიტიკური პარტია საარჩევნოდ ვისთან გაერთიანდეს, მიიღება გარედან და ეს პროცესი ერთ-ერთი საელჩოდან იმართება.
ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილის ინიციატივის შეფასებისას განუცხადა, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და პარტია „ახალის“ გაერთიანებას გულისხმობს.
“ზოგადად, რაც შეეხება ამ გაერთიანებებს, დაშლებს, ამ გადაწყვეტილებებს არც მიხეილ სააკაშვილი იღებს, არ გვარამია, არც გახარია, არც „ლელო“. ამ გადაწყვეტილებებს იღებენ გარედან. ერთ-ერთი საელჩოდან ხდება ამ ყველაფრის მართვა, ისინი იღებენ გადაწყვეტილებას, თუ ვინ ვისთან უნდა გაერთიანდეს და როგორ. ყველა ეს პარტია, რომელიც ერთ დროს წარმოადგენდა „ნაციონალურ მოძრაობას“, დღეს შეიძლება გამოდიოდეს სხვადასხვა სახელით, რაც მიზანმიმართულადაა გაკეთებული, საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად.
როგორც იცით, „ნაციონალური მოძრაობა“ ასოცირდება ბოროტებასთან, ადამიანის ჩაგვრასთან, ოჯახების გაუბედურებასთან, მაგრამ პოლიტიკური პარტიის მხოლოდ სახელი ხომ არ არის მთავარი. ის შედგებოდა კონკრეტული ადამიანებისგან, რომლებისგანაც იყო დაკომპლექტებული და ვინც იღებდა უშუალო გადაწყვეტილებებს ბოროტებასთან, ჩაგვრასთან, წამებასთან დაკავშირებით. დღეს, ისინი სხვადასხვა პარტიაში გვევლინებიან და საზოგადოება ამას ძალიან კარგად ხედავს, აფასებს და 26 ოქტომბერს, რაც არ უნდა გაერთიანდნენ, დაიშალონ, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. შესაძლოა, ერთ ან ორ პოლიტიკურ პარტიას ჰქონდეს ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა. დანარჩენები იბრძოლებენ იმისთვის, რომ როგორმე საარჩევნო ბარიერს მიუახლოვდნენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.