დღეს ჩვენ ჩვენს პენსიონერებს გავაცანით პროგრამა, რომელიც გულისხმობს 1000-ლარიან პენსიას და ჩვენი პირველი საქმე გამარჯვებისთანავე იქნება, რომ სასწრაფოდ მოვახერხოთ ჩვენი პენსიონერებისთვის პენსიის გაზრდა, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, კაბალურ პირობებში აღებული სესხი ჩამოეჭრებათ გამარჯვებისთანავე პენსიონერებს.
“ჩვენმა ბებია – ბაბუებმა, დამსახურებულმა პენსიონერებმა ნამდვილად დაიმსახურეს, რომ სიბერეში ჰქონდეთ უზრუნველყოფილი ცხოვრება და კეთილდღეობა. დღეს ჩვენ ჩვენს პენსიონერებს გავაცანით პროგრამა, რომელიც გულისხმობს 1000 ლარიან პენსიას და ჩვენი პირველი საქმე გამარჯვებისთანავე იქნება, რომ სასწრაფოდ მოვახერხოთ ჩვენი პენსიონერებისთვის პენსიის გაზრდა. ჩვენი მეორე დაპირება უკავშირდება მედიკამენტებს, რადგან ამ ოჯახში პენსიონერებს ფაქტობრივად თვეში 500 ლარის მედიკამენტი სჭირდება და ამაზე თანხას არ უნდა ხარჯავდეს და ბანკიდან სესხი არ უნდა გამოჰქონდეს პენსიონერს, ამიტომ ჩვენი შემდეგი შეთავაზებაა, რომ მედიკამენტით უზრუნველყოფილი უნდა იყოს ჩვენი პენსიონერები.
კაბალურ პირობებში აღებული სესხი ჩამოეჭრებათ ჩვენი გამარჯვებისთანავე ჩვენს პენსიონერებს და ამ ოჯახშიც ქალბატონს აქვს საპენსიო სესხი და ეუბნებიან, რომ 2030 წლამდე უნდა იხადოს და თურმე იმ მინიმალურ პენსიას, რომელსაც იღებს, იქიდან კიდე 100 ლარი ყოველთვიურად უნდა დაუკავდეს, ამიტომ ჩვენ ვპირდებით, რომ ამ კაბალურ პირობებში ივანიშვილის, ლიბერთი ბანკის საბანკო ოლიგარქიით წართმეულ თანხებს დავუბრუნებთ ამ ადამიანებს უკან, საპენსიო სესხი გაუნულდებათ, აიღებენ 1000 ლარიან პენსიას, ექნებათ უზრუნველყოფილი მედიკამენტები და ჩვენ ვიზრუნებთ ჩვენს ბებია ბაბუებს, რომლებმაც ნამდვილად დაიმსახურეს ეს”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.