ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ვიზიტი მნიშვნელოვანია, რადგან ის საქართველოსთვის გადამწყვეტ არჩევნებს უკავშირდება, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, არჩევნებში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ჩართულობა იმის გარანტი იქნება, რომ მოხდეს ჩვენი ხალხის ნების გამოხატვა, რაც ანტიქართული მაფიოზური კლანის მოცილებაში გამოიხატება
“ძალიან მნიშვნელოვანია ამ დელეგაციის ვიზიტი და ჩვენც, რა თქმა უნდა, ამ შეხვედრაზე ვიქნებით წარმოდგენილი და მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ საერთაშორისო საზოგადოებაში არის ინტერესი ამ გადამწყვეტი არჩევნების მიმართ და მათ შორის, საერთაშორისო მისიების ასეთი აქტიური ჩართულობა იქნება გარანტი იმის, რომ მოხდეს ჩვენი ხალხის ნების გამოხატვის უზრუნველყოფა, რაც ანტიქართული მაფიოზური კლანის მოცილებაში გამოიხატება”, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
თბილისში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას იმყოფება. დაგეგმილია შეხვედრები პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრებთან, ცესკოსა და ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელებთან, ასევე, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან.