საქართველოს დამოუკიდებლობის არსებობის ისტორიაში, ჩვენ მინიმალურ ნიშნულზე დავედით ამერიკასთან ურთიერთობებში, იმიტომ, რომ დღეს ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ამერიკასთან მიმართებით განცხადებებში სცდება ყველანაირ ჩარჩოებს, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, “ძლიერი საქართველო” ამერიკასთან და ევროკავშირთან ურთიერთობით ქვეყანას მეტ სიკეთეს მოუტანს.
“ძალიან ნათელია, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის არსებობის ისტორიაში, ჩვენ მინიმალურ ნიშნულზე დავედით ამერიკასთან ურთიერთობებში, იმიტომ, რომ დღეს ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ამერიკასთან მიმართებით განცხადებებში სცდება ყველანაირ ჩარჩოებს.
ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ დიპლომატიური ურთიერთობების გადახედვას თავისი ლოგიკა აქვს. მე ვხედავ, რომ 4 პირის დასანქცირება “ქართულ ოცნებაში” ძალიან მწვავედ აღიქვეს, იმიტომ, რომ ეს სანქციები, რეალურად, მათ აზიანებთ. ლოგიკას თუ მივყვებით, შემდეგი ყველაზე რბილი, რაც შეიძლება გაკეთდეს, ეს არის, როგორც მინიმუმ, ელჩის გამოწვევა კონსულტაციებისთვის. მაგრამ აქ მთავარი არის, რას ნიშნავს ეს საქართველოს მოქალაქეებისთვის. ქვეყანაში გვაქვს აბსოლუტური ეკონომიკური კრახი, უმუშევრობა და ის “MEGOBARI act”-იც გულისხმობს საქართველოს დახმარებას. ჩვენს კოალიციას ასეთი ურთიერთობა არ ექნება ამერიკასთან და ევროპასთან, ჩვენ გამოვიყენებთ იმ უზარმაზარ შესაძლებლობას, რასაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები გვაძლევენ და ახლა კი ამის ნაცვლად საუბარია იმაზე, გამოიწვევენ თუ არა შტატებიდან ელჩს, სანქციები ვის და როდის დაუწესდება და ა.შ.”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.