მე აღმოვჩნდი ხალხთან, ვინც მომწონს, ვისთან მუშაობაც მინდა და შემიძლია და ვისი იმედიც მაქვს. ხალხთან, ვინც ზუსტად ვიცი, რომ იმიტომ კი არ იბრძვის მხოლოდ, რომ ბიძინა ივანიშვილი გაუშვას, ეს აუცილებელი წინაპირობაა, მაგრამ არასაკმარისი. ჩვენ უნდა შევცვალოთ მიმართება მმართველობის ფორმების მიმართ, – ამის შესახებ ”კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ივანიშვილი წავა, ახალი ხალხი მოვა და ქვეყანა წავა წინ.
“მე ბედნიერი ვარ, რომ დღეს კოალიციას შემოუერთდა ორი ძალიან მნიშვნელოვანი და სიმბოლური ადამიანი. პირველი – საჯარო მოხელე და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, გარდა იმისა, რომ ნანა არის ქალი ევროკავშირის დროშით, საჯარო მოხელე და ჩვენ აქედან მივმართავთ ყველა საჯარო მოხელეს, იმუშავეთ სამშობლოს საკეთილდღეოდ, ეს ქვეყანა თქვენია. თქვენ უნდა წაიყვანოთ ეს ქვეყანა წინ. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება ხელისუფლებაში! დღეს შემოგვიერთდა ივა ჭყონია – საშუალო ბიზნესის ძალიან მნიშვნელოვანი და ასევე სიმბოლური წარმომადგენელი. მე მინდა ჩვენი კოალიციის სახელით მივმართო საშუალო ბიზნესს – თქვენ ხართ მთავარი მამოძრავებელი არამხოლოდ ეკონომიკის, არამედ ჩვენი სამშობლოს. ქვეყანა მიდის წინ, თუ ის დგას საშუალო ბიზნესის ბორბლებზე. დიდი ბიზნესი და სიღარიბე არ არის ქვეყნისთვის გამოსავალი. ერთიც და მეორეც წინსვლის გარანტია არ არის.
წინსვლის გარანტია მტკიცე, გამძლე და წარმატებული საშუალო ბიზნესი, რომელსაც არ ეშინია, რომელიც ვითარდება და არ არის დამოკიდებული ერთ კაცზე და მის კლანზე. საშუალო ბიზნესის პარტია არის “კოალიცია ცვლილებისთვის”. და დიახ, საშუალო ბიზნესს შეუძლია დაამარცხოს მხოლოდ სიღარიბე. სიღარიბე ამ ქვეყანაში არ უნდა იყოს. ჩვენი სამშობლო და ჩვენი ხალხი ამას არ იმსახურებს. და რასაც არ იმსახურებს, ის აუცილებლად უნდა გამოსწორდეს. სიღარიბეს დავძლევთ საშუალო ბიზნესის განვითარებით და განათლებით, რაც მთავარია. განათლების გარეშე წინსვლა შეუძლებელია! მეტი განათლება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ქართველებს! ჩვენ ეს შეგვიძლია, ჩვენ ეს გვჭირდება და ჩვენ ამას მივიღებთ!” – განაცხადა გვარამიამ
“კოალიცია ცვლილებებისთვის“ გუნდს ორი ახალი წევრი – ივა ჭყონია და ნანა მალაშხია შეუერთდნენ.