პროკურატურამ კეთილი უნდა ინებოს, კვალიფიცირდეს ეს საქმე და გამოძიება დაიწყოს 225-ე მუხლით, რომელიც გულისხმობს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ქმედებას, რომელიც ფიზიკურად უსწორდება ადამიანებს და სცემს მას, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ანა წითლიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, 5 დღეა გასული, რაც ზუგდიდში “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს თავს დაესხნენ, მაგრამ დაკავებული ამ დრომდე არავინაა.
“5 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ზუგდიდში, ბარამიას დასახლებაში ორგანიზებულმა დაჯგუფებამ, რომელსაც ხელმძღვანელობდა “ქართული ოცნება” და რომელსაც ადგილზე უშუალოდ ხელმძღვანელობდა სუსის ოდეერი შოთა ბაჯალაძე, თავს დამესხა მე და თავს დაესხა “ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდულ ფრთას, როდესაც ჩვენ ვატარებდით წინასაარჩევნო კამპანიას. 5 დღე გავიდა, რაც ყველა ტელევიზიამ აჩვენა ეს კადრები და ადგილზე პოლიციას ეს ადამიანები უნდა დაეკავებინათ, თუმცა ვნახეთ ის, რომ ხუთი დღის შემდეგაც ეს ადამიანები ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დადიან თავისუფლად ზუგდიდში და საშიში არიან თითოეული საქართველოს მოქალაქისთვის, რომლებიც არია ოპოზიციურად განწყობილები.
გამოძიება დაწყებულია 126-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჩვეულებრივ ძალადობას და ეს არის მცდელობა პოლიციის მხრიდან, რომ ამ ადამიანებს შეუმსუბუქოს სასჯელი, ამიტომაც, ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის არა 126-ე მუხლი, არამედ პროკურატურამ კეთილი უნდა ინებოს, კვალიფიცირდეს ეს საქმე და გამოძიება დაიწყოს 225-ე მუხლით, რომელიც გულისხმობს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ქმედებას, რომელიც ფიზიკურად უსწორდება ადამიანებს და სცემს მას”, – განაცხადა ანა წითლიძემ.
ანა წითლიძის ინფორმაციით, 19 სექტემბერს ზუგდიდში საარჩევნო კამპანიისას, 50-მდე პირი მას და მის გუნდს თავს დაესხნენ.