თავდაცვის სამინისტროს Army Hall-ის დარბაზში ჩატარდა ეროვნული თავდაცვის აკადემიის მაგისტრატურის სასწავლო წლის დაწყების, წინა სემესტრის წარჩინებული მაგისტრანტების და აკადემიის მაგისტრატურის უსაფრთხოების კვლევების პროფესორ ლევან ნიკოლეიშვილის და თავდაცვის ანალიზის პროფესორ ნიკოლოზ სამხარაძის უწყებრივი მედლით „გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი“ დაჯილდოების ღონისძიება.
“ღონისძიებას დაესწრო და უწყებრივი მედლით აკადემიის რექტორმა ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ დააჯილდოვა მაგისტრატურის პროფესორები. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ რექტორის მოადგილე პოლკოვნიკი ზურაბ ზერეკიძე და მაგისტრატურის ხელმძღვანელი პოლკოვნიკი ირაკლი უჩაძე.
მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული მედლით დაჯილდოება განხორციელდა მისი დაარსებიდან პირველად და იგი გადაეცემათ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებს, საქართველოსა და უცხო ქვეყნების მოქალაქეებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინსტიტუციურ განვითარებაში, სამხედრო განათლების სისტემის განვითარებაში, საქართველოს თავდაცვის ძალებში სულიერი და პატრიოტული სულისკვეთების გაძლიერებაში შეტანილი განსაკუთრებული დამსახურებისათვის.
წარჩინებული მაგისტრანტების ოჯახის წევრები აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ საპატიო დაფებით დააჯილდოვა, მაგისტრანტებს წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.
ახალი სასწავლო წელს მიღება განხორციელდა სამ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე – თავდაცვის ანალიზის, სახელმწიფო რესურსების მართვის და უსაფრთხოების კვლევების მიმართულებებზე. აღსანიშნავია, რომ წელს პირველად აკადემიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე თავდაცვის სამინისტროს, თავდაცვის ძალების და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად სასწავლო პროცესში ჩაერთვებიან სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, რაც მათ საშუალებას მისცემს გაიღრმაონ ცოდნა მათთვის საინტერესო მიმართულებებით”, – აღნიშნულია ეროვნული აკადემიის ინფორმაციაში.