მე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი ვიყავი ძალიან დიდი ხანი და ჩემთვის, ეს ადამიანები არიან საქართველოს ნამდვილი გულშემატკივრები, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებთან ექნება წინასაარჩევნოდ არსებულ დარღვევებზე კონკრეტული ინფორმაცია.
“მე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი ვიყავი ძალიან დიდი ხანი და ჩემთვის, ეს ადამიანები არიან საქართველოს ნამდვილი გულშემატკივრები და ყველა იმ წინასაარჩევნო დარღვევაზე, ასევე წინასაარჩევნო თუ საარჩევნო დარღვევების შემდეგ მათ რეაქციებზე მე მექნება კონკრეტული ინფორმაცია და კითხვები”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
თბილისში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია იმყოფება. 6-კაციანი შემადგენლობა უკვე ესაუბრა მესამე სექტორის და მედიის წარმომადგენლებს. მანამდე კი დელეგაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იმყოფებოდა. დაგეგმილია შეხვედრები მმართველი გუნდის და ოპოზიციის წევრებთან, ასევე ცესკოსა და ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელებთან. ვიზიტის ბოლოს გაკეთდება განცხადებები. დელეგაცია საქართველოში უშუალოდ არჩევნების პროცესსაც დააკვირდება.