ჩვენს სახელმწიფოს ბოლო პერიოდის ისტორიაში ასე ძალიან არ გასჭირვებია. ხელისუფლება ჩაიგდო ხელში რუსეთის სპეცსამსახურების მიერ მართულმა ინდივიდმა და მასთან დაკავშირებულმა კორუმპირებულმა კლანმა, – ამის შესახებ საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტმა ბათუ ქუთელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს საქართველო რუსეთთანაა მიბმული, როგორც ეკონომიკურად, ისე პოლიტიკურად.
“ხელისუფლება პირდაპირ არის მიბმული დღეს რუსეთთან, როგორც ეკონომიკურად, ისე პოლიტიკურად. ისინი პირდაპირ რუსული სპეცსამსახურების მითითებით მოქმედებენ, რაც, ჩემი აზრით, კიდევ უფრო მძიმე ვითარებაა, ვიდრე უბრალოდ შენაზარდი ავტორიტარიზმი ივანიშვილის სახით. ეს კიდევ უფრო მძიმე, გაცილებით უფრო სისტემური პრობლემაა და გაცილებით უფრო მძიმე ფასის გადახდა მოგვიწევს ჩვენ, ყველა ამ ქვეყნის მოქალაქეს და ზოგადად სახელმწიფოს. ხელისუფლება ჩაიგდო ხელში რუსეთის სპეცსამსახურების მიერ მართულმა ინდივიდმა და მასთან დაკავშირებულმა კორუმპირებულმა კლანმა.
რაც შეეხება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს, ქართულ-ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთება არის, რომ დაეხმაროს ქართულ სახელმწიფოს, როცა მას ძალიან უჭირს და მე ვთვლი, რომ ჩვენს სახელმწიფოს ბოლო პერიოდის ისტორიაში ასე ძალიან არ გასჭირვებია”, – განაცხადა ბათუ ქუთელიამ.