spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან იოსელიანი – თუ ვინმეს ამოცანა ჩემი შეურაცხყოფაა, ეს მათი უფლებაა, მაგრამ არ მგონია, რომ ამ ვითარებაში ეს სწორი იყოს

პროტესტის მონაწილე შუქრუთელებს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი დღეს პირველად შეხვდა. მან აქციის მონაწილეების მოთხოვნები პირადად მოისმინა.

თუმცა, მიუხედავად ამისა, შუქრუთელები აცხადებენ, რომ მათ მიერ დასმულ ვერცერთ კითხვას სახალხო დამცველმა პასუხი ვერ გასცა.

მათივე თქმით, ლევან იოსელიანი ჯერ თავადაა დასაცავი.

“ბატონ ლევან იოსელიანთან შეხვედრის შემდეგ დამრჩა განცდა, რომ სახალხო დამცველის უფლებები ამ ქვეყანაში დაცული არ არის და შეზღუდულია მისი უფლებები. რა შინაარსიც გამოვიტანეთ მისი საუბრიდან იყო ის, რომ აბსოლუტურად არაფრის უფლება არ გააჩნია ადამიანს და ისე გამოუვიდა, რომ ჩვენ გვთხოვდა, რაღაცნაირად ჩვენ მოვახერხოთ მისი უფლებების დაცვა. აბსოლუტურად ვერაფერზე პასუხი ვერ გაგვცა”, – განაცხადა ერთ-ერთმა გაფიცულმა.

რაც შეეხება თავად სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ რომ ომბუდსმენის აპარატი გაფიცულებს მთელი თვის განმავლობაში საქმის მასალების წარდგენას სთხოვდა, თუმცა მათ  დოკუმენტაცია ამ დრომდე არ წარუდგენიათ.

“თუ ვინმეს ამოცანა ჩემი შეურაცხყოფაა, ეს მათი უფლებაა, მაგრამ არ მგონია, რომ ამ ვითარებაში ეს სწორი იყოს, მით უმეტეს იმ პირობებში, რომ მთელი თვის განმავლობაში ვთხოვდით, რომ წარმოედგინათ დოკუმენტაცია, საქმის მასალები, რომ დაგვეწყო ამ საქმის შესწავლა. დღემდე არაფერი წარმოდგენილი არ არის. მე ადამიანებს ვერ მოვატყუებ, მით უმეტეს მოშიმშილე ადამიანებს და ვერ ვეტყვი, რომ მე იმ პრობლემას გადავუჭრი, რომელიც ამდენი წელია, ვერ გადაიჭრა და საქმე ეხება იმ კომპენსაციებს, რომლის დავაც არის სასამართლოში. ესენი არ ეთანხმებიან კომპენსაციის რაოდენობას. გასაგებია, შეიძლება, სამართლიანადაც არ ეთანხმებიან, მაგრამ სახალხო დამცველი ამაში ვერ ჩაერევა, რადგან ჩვენ არ გაქვს ამის საშუალება. ჩემი აზრით, არასწორია დამოკიდებულება, რომ სახალხო დამცველი მოვიდეს მოაგვაროს. ვერ მოვაგვარებთ იმ პრობლემას, რომლის მოგვარების ბერკეტიც ჩვენ არ გვაქვს”, – განაცხადა  ლევან იოსელიანმა.

შუქრუთელები უკვე 6 თვეა, უწყვეტ რეჟიმში აპროტესტებენ “ჯორჯიან მანგანეზის” საქმიანობას. ისინი თბილისში პროტესტის გასაგრძელებლად 11 სექტემბერს ჩამოვიდნენ. ნაწილი უკვე 20 დღეზე მეტია, შიმშილობს, ხოლო 5 მათგანს პირი აქვს ამოკერილი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები