ჩემი ადგილი, როგორც ერთი ქართველის, რომელსაც უნდა, რომ სამშობლოს ემსახუროს, აქ არის, ამ გაერთიანებაში, “ძლიერ საქართველოში“. ბევრი მიზეზი მაქვს ამის სათქმელად. ერთი მიზეზი არის ის, რასაც დიდი ხანია, ელოდა ქართველი ამომრჩეველი, რომ შევქმნათ რეალობა, რომელიც ორი წარსული პოლიტიკური ძალისგან განსხვავებულია, – ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გორში განაცხადა, სადაც ცნობილი გახდა, რომ “ძლიერ საქართველოს“ შეუერთდა.
მისივე თქმით, „ძლიერ საქართველოსთან“ ერთად ბოლომდე იბრძოლებს, თუმცა საკუთარ თავს კანონშემოქმედებით საქმიანობაში ვერ ხედავს.
“პირადად ჩემ თავს კანონშემოქმედად არ მივიჩნევ, არ ვარ მე ეგ ტიპი. ყველა თავის ბუნებრივ სანგართან უნდა დადგეს ამ ბრძოლაში. მე, კანონთან მიმართებაში თუ მკითხავთ, უფრო ვეტოები მეხერხება, გაცხრილვა შემიძლია. შესაბამისად, მე ვიქნები ამ ბრძოლაში თქვენთან ერთად ჩართული. მომავალშიც ერთად ვიდგებით საქართველოს დასაბრუნებლად და ასაშენებლად, მაგრამ არა როგორც დეპუტატი. ვგრძნობ გამარჯვების ემოციას, არა წარმატების, არამედ – გამარჯვების. გამარჯვება არის საბოლოო, რითაც საბოლოოდ გადავტეხთ ამ მოღალატეობას“, – განაცხადა მარგველაშვილმა.