სად არის გავერანებული და გაუბედურებული ანაკლია, რომელიც დაბომბილს ჰგავს ნამდვილად? თქვენ აჩვენებთ მარტო იმას, რაც იყო ბუჩაში და ანაკლია უფრო მეტად არის განადგურებული და დაბომბილი თქვენ მიერ, ვიდრე იყო ბუჩა, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე ჩართვისას განაცხადა.
მისივე თქმით, ქურდბაცაცების და მოღალატეების ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე, სამარცხვინო ხელისუფლებასთან
“დღეს გვაჩვენებენ პლაკატებს – ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო ისტორია საქართველოსი – გვაჩვენებენ პლაკატებს უკრაინაში დანგრეული აუზების და აქ აშენებული აუზების. მე მინდა ივანიშვილს ვუთხრა, სად არის დანგრეული „ლაგუნა ვერეს“ პლაკატი? დანგრეული, შენ მიერ განადგურებული „ლაგუნა ვერეს“ პლაკატი? ამას რატომ არ აჩვენებენ? სად არის გავერანებული და გაუბედურებული ანაკლია, რომელიც დაბომბილს ჰგავს ნამდვილად. თქვენ აჩვენებთ მარტო იმას, რაც იყო ბუჩაში და ანაკლია უფრო მეტად არის განადგურებული და დაბომბილი თქვენ მიერ, ვიდრე იყო ბუჩა. სად არის კაზინოდ ქცეული ბათუმის ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი? სად არის იუსტიციის სახლთან დანგრეული ხიდი? ნგრევა და უბედურება მოგაქვთ თქვენ! სად არის თბილისის შემოვლითი გზა, რუსთავში რა სინდისით ჩადიხართ? 2014 წელს უნდა დაგვესრულებინა რუსთავში ჩამსვლელი გზატკეცილი და ფული მოიპარეს. ამიტომ ქურდბაცაცების და მოღალატეების ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე, სამარცხვინო ხელისუფლებასთან“, – განაცხადა სააკაშვილმა.
“ქართული ოცნების” საარჩევნო ბილბორდებზე ერთ მხარეს რუსეთის მიერ დაბომბილი უკრაინული ქალაქებია გამოსახული.