დღეს, 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ოთარ არბოლიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ზაალიშვილმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
“27 სექტემბერი ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა საქართველოს უახლეს ისტორიაში. ჩვენ დღეს პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს, რომლებმაც თავი შესწირეს ქვეყანას, სამშობლოს და თავი შესწირეს ერთიანი საქართველოს იდეას. მოძმე ხალხთა შორის კონფლიქტმა მრავალი ადამიანის – ჯარისკაცთა თუ მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე შეიწირა”, – განაცხადა ოთარ არბოლიშვილმა.