სუმის სამედიცინო დაწესებულებაზე ორმაგი დარტყმის შედეგად რვა ადამიანის დაღუპვის შესახებ უკვე ცნობილია, სამაშველო ოპერაცია გრძელდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
“სუმი. რუსეთმა “შაჰედებით” ქალაქის ერთ-ერთს საავადმყოფოს დაარტყა. ამ დროისთვის ცნობილია 8 ადამიანის დაღუპვის შესახებ. ვუსამძიმრებ ოჯახებს და ახლობლებს. დაშავდა 11 ადამიანი, სტაციონარიდან 113 პაციენტი ევაკუირებულია“, – განაცხადა ზელენსკიმ.
პრეზიდენტის განცხადებით, სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მსოფლიოში ყველამ, ვინც ამ ომზე საუბრობს, ყურადღება უნდა მიაქციოს, სად ურტყამს რუსეთი – ოკუპანტები ებრძვიან საავადმყოფოებს, სამოქალაქო ობიექტებს, ადამიანების სიცოცხლეს.
“მხოლოდ ძალას შეუძლია აიძულოს რუსეთი მშვიდობისაკენ, ეს არის ერთადერთი სწორი გზა, მადლობა ყველას, ვინც გვეხმარება ამ გზაზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.